ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, რიში სუნაკს დღეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აპირებს თუ არა ბრიტანეთი უკრაინას გამანადგურებლებით დაეხმაროს - სუნაკს მათი გადაცემის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებია, თუმცა აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარების ფარგლებში გამორიცხული არაფერია და ეს საკითხი განხილვის საგანია.
"როდესაც საქმე ეხება საბრძოლო საჰაერო ძალებს, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი საუბრის ნაწილია... ამიტომაც არის, რომ დღეს უკრაინის საჰაერო ძალების NATO-ს სტანდარტების შესაბამისად მომზადების შესახებ განვაცხადეთ", - თქვა მან.
როგორც Politico წერს, რიში სუნაკმა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს დაავალა გაარკვიოს, შეძლებს თუ არა ბრიტანეთი უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას "გრძელვადიან პერსპექტივაში". პრემიერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრი ამ საკითხზე "აქტიურად" მუშაობს.
რიში სუნაკმა დღეს სხვა სამხედრო დახმარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ Challenger 2 ტიპის ტანკებს უკრაინა შემდეგ თვეში მიიღებს. მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები მათ გამოყენებას რაც შეიძლება სწრაფად სწავლობენ.
დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დაწყების შემდეგ ბრიტანეთს პირველად ეწვია. ის შეხვდა პრემიერმინისტრს, რიში სუნაკს, მეფე ჩარლზ III-ს და სიტყვით გამოვიდა პარლამენტშიც. მან ხაზი გაუსვა პირველივე დღეებიდან ბრიტანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას და უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ბრიტანეთმა უკრაინას დახმარების ხელი გაუწოდა მაშინ, როცა მსოფლიოს ჯერ კიდევ ვერ გაეგო, როგორ მოქცეულიყო.
ზელენსკიმ პარლამენტს მეტი მხარდაჭერისკენაც მოუწოდა და მიუთითა, რომ დღეს პარლამენტში იდგა უკრაინელი მებრძოლებისა და იმ მშობლების სახელით, რომლებიც ომიდან თავიანთი შვილების დაბრუნებას ელოდებიან.
"ვიცით, რომ რუსეთი დამარცხდება და ნამდვილად ვიცით, რომ გამარჯვება მსოფლიოს შეცვლის. ეს იქნება ცვლილება, რომელიც მსოფლიოს დიდი ხნის განმავლობაში სჭირდებოდა. დიდი ბრიტანეთი ჩვენთან ერთად მოიწევს, ვფიქრობ, ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებისკენ. ეს იქნება გამარჯვება ომის იდეაზე. ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ნებისმიერ აგრესორს, არ აქვს მნიშვნელობა, დიდი თუ პატარა, ეცოდინება, რა ელოდება, თუ საერთაშორისო წესრიგს თავს დაესხმება", - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა თემთა პალატის სპიკერს ლინდსი ჰოილს უკრაინული გამანადგურებლის პილოტის ჩაფხუტი აჩუქა წარწერით - "ჩვენ გვაქვს თავისუფლება, მოგვეცით ფრთები მის დასაცავად".