ყოფილი ფინანსთა მინისტრი, რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის მომდევნო პრემიერმინისტრი და კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი იქნება - პენი მორდონტმა თავისი კანდიდატურა მოხსნა.
BBC წერს, რომ სუნაკი პრემიერმინისტრი, ოფიციალურად, სავარაუდოდ, ხვალ გახდება.
24 ოქტომბერს პარტიის ლიდერის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმაც. ჯონსონის განცხადებით, მას საკმარისი მხარდაჭერა ჰქონდა იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე გადასულიყო, თუმცა ბევრად ნაკლები, ვიდრე - რიში სუნაკს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ლიზ ტრასი თანამდებობიდან 20 ოქტომბერს გადადგა. ტრასის თქმით, ის პრემიერის როლში საკუთარ მანდატს ვერ ასრულებდა.
"ვაღიარებ, რომ ამ სიტუაციაში ვერ ვასრულებ მანდატს, რომელზეც კონსერვატიულმა პარტიამ ამირჩია. შესაბამისად ვესაუბრე მის უდიდებულესობა მეფეს და შევატყობინე, რომ მე ვტოვებ კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობას" - განაცხადა ტრასმა.
ლიზ ტრასი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე ვადით - 45 დღით იყო პრემიერმინისტრი.
მისი გადადგომის მიზეზი ის ეკონომიკური კრიზისია, რომელშიც ქვეყანა ოპონენტების და კონსერვატიული პარტიის ზოგიერთი წევრის აზრით ტრასის პოლიტიკის გამო აღმოჩნდა.
ლიზ ტრასი კონსერვატიული პარტიის ლიდერად ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ აირჩიეს. მან კონსერვატიული პარტიის არჩევნებისას კონსერვატიული პარტიის მხარდაჭერა დაბალი გადასახადების, ეკონომიკის ზრდის პოლიტიკის შესახებ დაპირებებით მოიპოვა. ტრასმა პარტიის ლიდერის არჩევნებში დაამარცხა რიში სუნაკი და თანამდებობა ოფიციალურად 5 სექტემბრიდან დაიკავა.
ტრასი საკუთარი პარტიის, ოპონენტებისა და ინვესტორებისგან მწვავე კრიტიკის საგანი გახდა მას შემდეგ, რაც გაჩნდა საფრთხე, რომ მისი პოლიტიკური გეგმა ქვეყანაში ინფლაციას და ობლიგაციების ბაზრის ჩამოშლას გამოიწვევდა.