გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაში ნებისმიერი ტიპის შეჭრა მძიმე შედეგების მომტანი იქნება.
ტრასმა სიდნეიში ვიზიტისას უკრაინაში არსებულ დაძაბულ მდგომარეობაზეც ისაუბრა და უკრაინის კონფლიქტი უფრო ფართო ჭრილში, ლიბერალურ და ავტოკრატიულ ქვეყნებს შორის უთანხმოების ნაწილად განიხილა.
„პუტინს მოვუწოდებ თავი შეიკავოს და უკრაინიდან უკან დაიხიოს ვიდრე დიდ სტრატეგიულ შეცდომას დაუშვებს. კრემლმა ისტორიისგან გაკვეთილი ვერ ისწავლა. შეჭრა მხოლოდ საშინელ ჭაობსა და მსხვერპლს მოიტანს, რაც უკვე ვნახეთ ჩეჩნეთში საბჭოთა კავშირსა და ავღანეთს შორის ომში.
ჩვენ გვინდა, რომ ყველამ აიმაღლოს ხმა. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად გავაგრძელებთ უკრაინასთან დგომას და რუსეთს დეესკალაციასა და შინაარსიან დისკუსიებში მონაწილეობას ვაიძულებთ. რაც აღმოსავლეთ ევროპაში ხდება მსოფლიოსაც ეხება.
ავტოკრატიების ამგვარი წაქეზება ჩვენ ცივი ომის შემდეგ არ გვინახავს. მათ დიქტატურის, როგორც სერვისის სამყაროს გარშემო გავრცელება სურთ. ამიტომაც მიიჩნევენ ისეთი რეჟიმები, როგორიცაა ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა და მიანმარი ყველაზე ახლო მოკავშირეებად მოსკოვსა და პეკინს.“ - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლიზ ტრასის ეს განცხადება ბლინკენსა და ლავროვს შორის შეხვედრამდე გავრცელდა. ამ შეხვედრის მიზანი უკრაინაში არსებული დაძაბული მდგომარეობის მიმოხილვაა. ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ჟენევაში უკვე ჩავიდა.
***
შეგახსენებთ, რომ უკვე 2 თვეზე მეტია, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100-ობით ათასი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს. სამხედრო მობილიზებას კრემლი უსაფრთხოების მოტივით ამართლებს.
დასავლეთი რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაში შეჭრას მისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება.
უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა, სხვა დასავლელ ლიდერებთან ერთად, არაერთხელ გამოხატა გაერთიანებულმა სამეფომ.
აღსანიშნავია, რომ 17 იანვარს ბრიტანეთმა უკრაინას თავდაცვის მიზნით მოკლე რადიუსის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები გადასცა. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასის განცხადებით, ადგილობრივი ჯარისკაცების გადამზადების მიზნით უკრაინაში სამხედროთა მცირე ჯგუფიც გაემგზავრება.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან არაერთი ბრიტანელი სამხედრო იმყოფებოდა უკრაინაში, რათა ქვეყანას მათი შეიარაღებული ძალების წვრთნაში დახმარებოდა. გაერთიანებული სამეფო უკრაინას ყირიმის ომის შემდეგ საზღვაო ძალების აღდგენაშიც დაეხმარა.