logo
ENG



ბრიტანეთის საელჩო არჩევნებზე: ამომრჩევლებზე ზეწოლამ პროცესს ხელი შეუშალა

01 ნოე 202119:56
3 წუთის საკითხავი
 
ბრიტანეთის საელჩო არჩევნებზე: ამომრჩევლებზე ზეწოლამ პროცესს ხელი შეუშალა
ვახო ქარელი/ფორმულა

ბრიტანეთის საელჩო თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საარჩევნო პროცესს ამომრჩეველზე ზეწოლამ ხელი შეუშალა.

საელჩო მოუწოდებს ხელისუფლებას, აღმოფხვრან პროცესში არსებული ხარვეზები და გაზარდონ სანდოობა.

"გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა ამომრჩევლებზე ზეწოლამ, ნეგატიურმა რიტორიკამ პროცესს ხელი შეუშალა. მოუწოდებს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აღმოფხვრას ხარვეზები და გაზარდოს ნდობა პრობლემების გადასაჭრელად", - ნათქვამია განცხადებაში.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს წინასწარი შედეგებით, ყველა თვითმმართველ ქალაქსა და თემში, გარდა წალენჯიხისა, ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა. 

არჩევნები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებზე, კრიტიკული მედიების ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობის ფონზე წარიმართა.

არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინა ბიულეტინების გაბათილებამ, ამომრჩევლებსა და კანდიდატებზე ზეწოლამ და ძალადობამ. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოეხდინა საბოლოო შედეგებზე. ISFED-ის შეფასებით კი, "მეორე ტური გაშვებული შესაძლებლობაა დემოკრატიული განვითარების გზაზე". 

ამასთან, ბათუმსა და ქუთაისში გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა აღემატება კანდიდატებს შორის ხმების სხვაობას. 

ეუთო/ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ იონსონის თქმით, იყო ჩივილები დაშინებასა და ზეწოლაზე. მისივე განცხადებით, დამკვირვებლები პარტიული მხარდამჭერების როლში იყვნენ და უბნების გარეთ ამომრჩევლებზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ გარკვეული ჯგუფები და ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება.


close დახურვა