საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს თანაუგრძნობს.
"შეძრწუნებულები ვართ ბათუმში მომხდარი ტრაგედიით, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს. გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაშავებულებს. ქედს ვიხრით ყველა იმ ადამიანის ძალისხმევის წინაშე, რომლებიც ამ წუთებამდე მუშაობენ ტრაგედიის ადგილზე", - წერია საელჩოს განცხადებაში.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა.
ამ ეტაპზე დასტურდება 9 ადამიანის გარდაცვალება, მათ შორის 3 არასრულწლოვანია. სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია.
ერთი გადარჩენილი კაცი საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შსს-მ ნგრევის საქმეზე I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა.
შსს-ის განცხადებით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, რამაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.
ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ტრაგედიას აშშ-ის საელჩოც გამოეხმაურა და დაზარალებულებს თანაგრძნობა გამოუცხადა.