logo
ENG



ბრიტანეთის საელჩო რუსულ კანონზე: ხელს შეუშლის საქართველოს მეგობრებს გააგრძელონ მხარდაჭერა

08 მარ 202318:43
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/08/rvqxllt4uuquwce.jpg

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფო იზიარებს მოკავშირეებისა და პარტნიორების ღრმა შეშფოთებას პარლამენტში უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის დაჩქარებულად მიღების შესახებ და აღნიშნავს, რომ მისი მიღება ხელს შეუშლის საქართველოს მეგობრებს ქვეყნის მხარდაჭერა გააგრძელონ.

"მიღების შემთხვევაში, შემოთავაზებული კანონი ხელს შეუშლის საქართველოს მეგობრებს და სტრატეგიულ პარტნიორებს გააგრძელონ საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა.

წამყვანი პოლიტიკოსების საჯარო განცხადებებიდან ჩანს, რომ ეს კანონი მიზნად ისახავს დონორების მხარდაჭერის ხელის შეშლას და ლეგიტიმური სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის ჩახშობას, რაც ეწინააღმდეგება საერთო ღირებულებებს და საერთაშორისო სტანდარტების მიმართ აღებულ ვალდებულებებს, რომელსაც ველით პარტნიორი ქვეყნისგან და რაც ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მისწრაფებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. მოვუწოდებთ საქართველოს მმართველ ძალას გაითვალისწინონ სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის და საერთაშორისო პარტნიორების წუხილი, სანამ გააგრძელებენ აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობას", - აღნიშნულია განცხადებაში.

ქართულმა ოცნებამ 7 მარტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს დილის 09:30 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ. აქტივისტები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ კანონს 9 მარტს განიხილავდნენ. თუმცა მამუკა მდინარაძის ინიციატივით, კანონი პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათის ნაცვლად გუშინვე განიხილეს.

განხილვის დაწყებისთანავე მოსახლეობა კვლავ პარლამენტთან შეიკრიბა. მას შემდეგ, რაც ოცნებამ, პირველი მოსმენით, რუსული კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა ტერიტორიაზე ვითარება გამწვავდა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ასევე, მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანა.

აქტივისტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენება დაიწყო, ასევე გაუშვა წყლის ჭავლი. 

პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, "პროპორციული ძალა გამოიყენეს".


close დახურვა