დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყება განცხადებას აქვეყნებს, რომლის თანახმად კრემლის გეგმა, რომ უკრაინაში პრო–რუსული მმართველობა დაამყაროს გამოაშკარავებულია.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის მთავრობა აპირებს კიევში დანიშნოს პრო–რუსი ლიდერი, იმის პარალელურად, რომ განიხილავს უკრაინის დაპყრობას და ოკუპაციას. პოტენციურ კანდიდატად განიხილება ყოფილი უკრაინელი პარლამენტარი ევგენი მურაევი.
ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსული სადაზვერვო ორგანოები კავშირს ინარჩუნებენ უკრაინელ ყოფილ პოლიტიკოსებთან, მათ შორის არიან:
- სერგეი არბუზოვი, უკრაინის პრემიერ მინისტრის მოადგილე 2012–2014 წლებში და მოქმედი პრემიერი 2014 წელს.
- ანდრეი კლიუევი, უკრაინის პრემიერ მინისტრის მოადგილე 2010–2012 წლებში და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის იანუკოვიჩის გუნდის უფროსი.
- ვლადიმირ სივკოვიჩი, უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს უფროსი მოადგილე.
- მიკოლა აზაროვი, უკრაინის პრემიერ მინისტრი 2010–2014 წლებში.
ამათგან ზოგიერთს ამჟამად აქვს რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან კონტაქტი და ჩართულია უკრაინაზე თავდასხმის დაგეგმვაში.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა თქვა:
"დღეს გამოქვეყნებული ინფორმაცია ნათელს ჰფენს რუსეთის მცდელობის მასშტაბს დაამხოს უკრაინა და განჭვრეტს თუ როგორ ფიქრობს კრემლი.
რუსეთმა უნდა მოახდინოს დეესკალაცია და დაასრულოს აგრესიის და დეზინფორმაციის კამპანია და დაადგეს დიპლომატიის გზას. როგორც დიდმა ბრიტანეთმა და ჩვენმა პარტნიორებმა არაერთხელ ვთქვით, ნებისმიერი რუსული სამხედრო შეჭრა უკრაინაში იქნება დიდი სტრატეგიული შეცდომა და რუსეთს ძვირი დაუჯდება" – ამბობს ლიზ ტრასი.
დიდი ბრიტანეთის პოზიცია უკრაინის შესახებ ნათელია. ჩვენ ცხადად მხარს ვუჭერთ მის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის ყირიმშიც. უკრაინა არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო." – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.