logo
ENG



ბრიტანული დაზვერვა: რუსი მეთაურები უკრაინის მხრიდან შეტევით ოპერაციებს სერიოზულად უყურებენ

17 ივლ 202211:12
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/17/8c7ts9radd10q9t.jpg

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის შეფასებით, რუსული ჯარების გადაადგილება და მათი სხვა მოქმედებები მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად სერიოზულად მიიჩნევენ უკრაინის მხრიდან შეტევითი ოპერაციების საფრთხეს რუსი მეთაურები. 

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით: 

  • რუსეთი აძლიერებს თავდაცვით პოზიციებს უკრაინის სამხრეთ ნაწილში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს მოიცავს ცოცხალი ძალის, აღჭურვილობის და თავდაცვითი მარაგის გადაადგილებას მარიუპოლსა და ზაპოროჟიეს შორის, და ხერსონში
  • რუსული ძალები მელიტოპოლშიც ზრდიან უსაფრთხოების ზომებს. 
  • უკვე ერთ თვეზე მეტია, უკრაინული ძალები ზეწოლას ახდენენ რუსეთის თავდაცვის ხაზზე ხერსონის ოლქში, ხოლო როგორც ვლადიმირ ზელენსკიმ, ისე ვიცე პრემიერმა გააკეთეს პოლიტიკური განცხადებები მოსალოდნელი შეტევითი ოპერაციების შესახებ, რათა აიძულონ რუსები, დატოვონ ის ადგილები, რომლებსაც ახლა აკონტროლებენ. 
  • რუსული თავდაცვითი მოძრაობები, დიდი ალბათობით, არის პასუხი უკრაინის სავარაუდო შეტევით ოპერაციებზე, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მიერ დონბასში ბოლო ვიზიტის დროს წამოყენებულ მოთხოვნაზე, ასევე, იმ თავდასხმებზე, რომლებსაც უკრაინა ახორციელებს სამეთაურო პუნქტების, ლოჯისტიკური კვანძების და ჯარების კონცენტრაციის წინააღმდეგ. 
  • რუსულ ადამიანურ ძალაზე ზეწოლის გათვალისწინებით, უკრაინის სამხრეთში თავდაცვის გაძლიერება ​დონბასისთვის ბრძოლის პარალელურად, სავარაუდოდ, მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად სერიოზულად აღიქვამენ რუსი მეთაურები საფრთხეს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ 16 ივლისს ბრძანება გასცა, რუსულმა ჯარმა ყველა მიმართულებით გააძლიეროს მოქმედებები უკრაინაში. 

მანამდე, 11 ივლისს კი უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში უზარმაზარი შეტევისთვის ემზადება. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროებისთვის ბრძანება გასცა, სამხრეთის რეგიონები დაიკავონ. 

რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 24 თებერვალს შეიჭრა. ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე ათასობით ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ქალაქი სრულად განადგურდა, ხოლო 10 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილად იქცა. 


close დახურვა