logo
ENG



ბუაძე: ოცნება საერთაშორისო ზეწოლის შედეგად დაბრუნდა მოლაპარაკებების მაგიდასთან

16 აპრ 202122:08
3 წუთის საკითხავი
clock 723
2021/04/16/i2obcbkavdddckk.jpg

ლელო საქართველოსთვის წევრი, საბა ბუაძე, აცხადებს, რომ პარტია მიესალმება ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს კრისტიან დანიელსონის შეთავაზებულ დოკუმენტს.

როგორც ბუაძემ აღნიშნა, პროცესის გაგრძელებისა და საკვანძო საკითხებზე შეთანხმების იმედი აქვს.

„ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ქართული ოცნება საერთაშორისო ზეწოლის შედეგად დაბრუნდა მოლაპარაკებების მაგიდასთან. ველოდები, რომ პროცესი გაგრძელდება და მოხდება საკვანძო საკითხების შეთანხმება. ის, რომ ეყო კეთილგონიერება და ზეწოლის შემდეგ გამოთქვეს თანხმობა იმ პუნქტებზე, რომელსაც ჩვენ დავეთანხმეთ, ეს არის პოზიტიური განვითარება, მაგრამ ეს პროცესი ვერ დასრულდება იქამდე, სანამ საკვანძო საკითხები არ იქნება გადაწყვეტილი", - აცხადებს საბა ბუაძე. 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს ქართული ოცნება მოაწერს.

ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებით, დოკუმენტი არ მოიცავს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხს, ასევე, ბუნდოვანია პოლიტიკური პატიმრების ბედიც, რის გამოც ისინი კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ. 

დოკუმენტს ხელს არ აწერენ: მეტი თავისუფლება - გირჩი, ევროპული საქართველო, სტრატეგია აღმაშენებელი და ნაციონალური მოძრაობა.

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა მედიაციის მიზნით გამართული მეორე ვიზიტი 31 მარტს კვლავ უშედეგოდ დაასრულა.

მის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს არც ერთმა დეპუტატმა ხელი არ მოაწერა.

დოკუმენტში წარმოდგენილი იყო შემდეგი პუნქტები:

  • პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება
  • ამბიციური საარჩევნო რეფორმა
  • კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა
  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილება
  • მომავალი არჩევნები

ევროპარლამენტარებმა დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულების გამო იმედგაცრუება გამოთქვეს და პასუხისმგებლობა მონაწილე მხარეებს, განსაკუთრებით კი მმართველ პარტიას დააკისრეს.

იმის გამო, რომ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს.


close დახურვა