logo
ENG



ბუაძე: სიცრუეა, რომ თითქოს ოპოზიციამ თქვა უარი უბნების გადათვლასა და ფორმალურ პროცედურებზე

15 ნოე 202015:12
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/15/ge5a0g75lgo2fkj.jpg

პარტიის ლელო საქართველოსთვის წევრის, საბა ბუაძის თქმით, ქართული ოცნების ლიდერების განცხადება, რომ თითქოს ხმების გადათვლაზე უარი ოპოზიციამ თქვა, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც ბუაძე ამბობს, ცესკოს მიერ ოპოზიციის სარჩელების დაუკმაყოფილებლობა ადასტურებს, რომ ერთადერთი პარტია, რომელსაც სიმართლის გარკვევა "არ აწყობს", თავად ქართული ოცნებაა.

"მივყვებოდით ყველა ფორმალურ პროცესს, ვითხოვდით უბნების გადათვლას, იმ საჩივრების განხილვას, რომელიც გვქონდა და არც ერთი საჩივარი დაკმაყოფილებული არ იყო. არ იყო დაკმაყოფილებული ზუსტად იმიტომ, რომ თუ ვინმეს დღეს არ აწყობს სიმართლის გარკვევა, ეს არის ქართული ოცნება, რომელმაც ჩიხში შეიყვანა ეს პროცესი.

რა თქმა უნდა, სიცრუეა, რომ ოპოზიციამ თქვა უარი უბნების გადათვლაზე და ფორმალურ პროცედურებზე. ჩვენ მივყვებოდით ამ პროცესს, თამარ ჟვანიამ კი პროცესის კონსტრუქციულად და სამართლებრივ ჩარჩოში წარმართვის შესაძლებლობა უბრალოდ მოკლა. ახლა ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ დროზე დაინიშნოს ხელახალი არჩევნები", - განაცხადა ბუაძემ TV პირველის ეთერში.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბებულად მიიჩნია და პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებები განახლდა. 

ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრის II რაუნდი აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გუშინ, 14 ნოემბერს გაიმართა.

ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებისგან კონკრეტულ წინადადებას ელოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ოპოზიციის ნაწილმა იმას, რაც ოცნებისგან მოისმინა, აღმაშფოთებელი და მიუღებელი უწოდა, თუმცა, არც ერთი პარტიის ლიდერს დეტალები არ დაუკონკრეტებია.

პარტიების წარმომადგენლები ხაზს უსვამდნენ, რომ 13 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებამ, არ დაეკმაყოფილებინა ოპოზიციის და NGO-ების არც ერთი საჩივარი, დიალოგის ისედაც რთული პროცესი კიდევ უფრო გაართულა. 

მოგვიანებით კახა კალაძემ თქვა, რომ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციას 1500 უბნის გადათვლა და კამერების ჩანაწერების ამოღება შესთავაზა, რასაც ოპოზიცია არც განიხილავს, ვინაიდან, მათი თქმით, ამან აზრი დაკარგა. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ხელისუფლებამ თვითონ თქვა უარი ხმების გადათვლაზე მაშინ, როცა საოლქო და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. 

სავარაუდოდ, ოპოზიცია და ხელისუფლება აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკების III რაუნდს გამართავს, თუმცა უცნობია, როდის. 

ოპოზიცია კვლავ ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 

ამ მოთხოვნით უკვე 3 საპროტესტო აქციაც გაიმართა. მათგან ერთი, ქართული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც მომიტინგეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ. 

მორიგი საპროტესტო აქცია დღეს, 15 ნოემბერს ბათუმში გაიმართება, ასევე იგეგმება დემონსტრაციის ჩატარება 17 ან 18 ნოემბერს, თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის პარალელურად. 


close დახურვა