logo
ENG



ბუაძე კალაძეზე: შეუძლებელია, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელო მუშაობა, როცა ასეთი ტრაგედია მოხდა

19 ოქტ 202212:32
3 წუთის საკითხავი
 

დღეს საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები თბილისის მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს.

როგორც ლელოს წევრმა, საბა ბუაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, მათ თბილისის მერთან კითხვების დასმა სურდათ, თუმცა ამის უფლება მერიის დაცვის თანამშრომლებმა არ მისცეს.

ბუაძის თქმითვე, კალაძე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა და არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა მაინც მოუწევს.

"ის თავს გრძნობს კომფორტულად შეშინებულ, ტრავმირებულ ბავშვთან ერთად, როცა ფოტოსესიაში აღებინებს მას მონაწილეობას და ამითაც აჩვენებს მის სრულ დეგრადაციას და საზოგადოებას კიდევ ერთხელ აფურთხებს სულში. იქ, სადაც არსებობს რეალური კითხვები, კითხვების დასმის საშუალებას არ იძლევა და ეშინია. შეშინებული მერი დიდხანს და სრულყოფილად ვერ გააგრძელებს თანამდებობაზე მუშაობას. პოლიტიკური ქულების დაწერა იყო გუშინდელი ამაზრზენი შოუ, სადაც კალაძის მაისურიანი ფოტოსესია მოაწყო ბავშვთან, რომელიც იმყოფება პოსტტრავმულ შოკში. ეს არის პოლიტიკური ქულების დაწერა და პასუხისმგებლობიდან გაქცევა, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა იმიტომ, რომ შეუძლებელია, ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელო მუშაობა მაშინ, როცა თბილისში ასეთი მასშტაბის ტრაგედია მოხდა"- თქვა ბუაძემ.

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე არაფერი თქვა და მომხდარის "პოლიტიკური მიზნებით" გამოყენებაზე ისაუბრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 19 ოქტომბერს განცხადა, რომ ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს.

დაკავებულებს შორის  არიან გრინსერვისპლუსის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.

13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ ბავშვს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მერიის განცხადებით, 12 ოქტომბერს ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა.


close დახურვა