უსაფუძვლო სკანდალის შექმნის მცდელობა - ასე ეხმაურებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები პარტიის PR კონსულტანტის, ლაშა ნაცვლიშვილისა და კვლევითი ორგანიზაცია „გორბის“ დირექტორის შეხვედრის ამსახველ ფოტომასალასთან დაკავშირებულ შეკითხვებს. „ოცნების“ დეპუტატები ამბობენ, რომ ლაშა ნაცვლიშვილის პირდაპირი მოვალეობაა შეხვდეს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საზოგადოებრივ აზრს სწავლობენ და ამ შეხვედრაში კითხვის ნიშნებს ვერ ხედავენ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, შეხვედრებს მუდმივად მართავენ სხვა ორგანიზაციებთან, მათ შორის NDI-სთან და IRI-სთან.
„მგონია, რომ კითხვის დასმა ძალიან უხერხულია. პარტიის PR კონსულტანტი და ცნობილი ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი PR კონსულტანტია „ქართული ოცნების“, რატომ შეხვდა კვლევითი ორგანიზაციის ხელმძღვანელს. კვლევითი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ვხვდებით კვირაში ერთხელ ჩვენც. დღისით მზისით, სახალხოდ, ღია კაფეში კონფიდენციალურ შეხვედრებს ხალხო არავინ არ მართავს. ამისგან სკანდალს ნუ შექმნით. ბოლო პერიოდში შეხვდით NDI-ს წარმომადგენლებს მაგალითად, ასევე იყო IRI, "ეისითი" და "გორბი". ბატონი ლაშა უნდა შეხვდეს რა თქმა უნდა“, - განაცხადა მდინარაძემ.
საკითხზე კომენტარი უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, რატი იონათამიშვილმა გააკეთა. მან აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ბუნებრივია პროცესია.
„ქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას, ერთ-ერთ კაფეში, სადაც ბევრი ადამიანი იმყოფება, ორი ადამიანი ხვდება ერთმანეთს, თუ ამ კადრიდან გვინდა სკანდალური სცენარის განვითარება, ძალიან უხერხულია. ეს ნიშნავს, რომ რაღაც სცენარებს ვიგონებთ იმიტომ, რომ რეალურად არაფერი გვაქვს, ან ნიშნავს, რომ ფეიკნიუსებთან გვაქვს საქმე. მრჩეველი სპეციალისტებს რომ ხვდება არის ძალიან ბუნებრივი. მეც ბევრ ადამიანს ვხვდები მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, არასამთავრობოებიდან. ბუნებრივი პროცესია და აქ რაღაცის ძებნა ძალიან უხერხულია“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ფოტოს, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა. „სად იწერება გორბის კვლევები“ - ასე დაასათაურა მოძრაობამ „გხედავ“ „ქართული ოცნების“ PR კონსულტანტის, ლაშა ნაცვლიშვილისა და სოციოლოგიური კომპანია „გორბის“ ხელმძღვანელის, მერაბ ფაჩულიას შეხვედრის ამსახველი ფოტო. მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებით, ფოტო თბილისში, 7 ივნისს არის გადაღებული. კომპანია "გორბიმ" ერთი კვირის წინ ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც "ქართული ოცნება" უპირობოდ ლიდერობს, ოპოზიციურ პარტიებს კი მნიშვნელოვნად დაბალი რეიტინგები აქვთ.