ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საერთაშორისო კრიტიკისა და კანონის ევროკავშირთან შეუთავსებლობის მიუხედავად ქართულმა ოცნებამ რუსული კანონის ამ ფორმით მიღება გადაწყვიტა.
"ძალიან ვწუხვარ საქართველოს პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილების გამო, დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და საბოლოოდ მიიღოს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ მისი ამჟამინდელი ფორმით, მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკისა და ევროპულ სტანდარტებთან მისი შეუთავსებლობისა.
ამ ნაბიჯის გადადგმით, საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა ამ კანონპროექტის უკან გაწვევასა და უარი თქვა მნიშვნელოვანი დიალოგის დაწყებაზე, უგულებელყო ვენეციის კომისიის ცალსახა რეკომენდაციები, რომლის ცხადი სამართლებრივი მოსაზრებები ასახავს ჩვენს დემოკრატიულ სტანდარტებს.
აქედან გამომდინარე, ღრმად შეშფოთებული ვარ ამ კანონის უარყოფითი გავლენით ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიის კონტროლსა და ბალანსზე, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის გარემოს"- აცხადებს ბურიჩი.
განცხადებაში ის ასევე საუბრობს მშვიდობიანი აქტივისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მოძალადეების დაუსჯელობაზე.
ბურიჩი აღნიშნავს, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაისაჯონ ადამიანის უფლებების დარღვევაში ჩართული პირები.
"ევროპის საბჭო კვლავ სრულ მხარდაჭერას უცხადებს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს" - აცხადებს ბურიჩი.