მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე წალენჯიხაში დააფუძნებს ორგანიზაციას, რომელიც ადგილობრივ მზრუნველობამოკლებულ მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმარება.
როგორც ის Facebook-ზე წერს, ეს იქნება ფონდ იავნანას ადგილობრივი ორგანიზაცია.
"ჩემო მეგობრებო, ვუერთდები მამუკა ხაზარაძის ინიციატივას და მზად ვარ დავაფუძნო წალენჯიხაში ფონდ იავნანას ადგილობრივი ორგანიზაცია, რომლის მიზანიც იქნება წალენჯიხაში მზრუნველობამოკლებული მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დახმარება", - დაწერა ბურჭულაძემ.
3 ნოემბერს ზუგდიდში გამართულ აქციაზე, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ წალენჯიხაში გადასახლებასა და ბინის ყიდვას გეგმავს. გარდა ამისა, მან მოუწოდა ბიზნესმენებს, რომ კომპანიის ანგარიშები წალენჯიხაში გადაიტანონ და მოგება მუნიციპალიტეტში დატოვონ.
"დილით თემურ ჭყონიას წერილი დამხვდა. "მეც მოგყვები წალენჯიხაში, როგორც კი დაიწყებ ეგრევე ჩამოვალ". მაგარი კაცი ხარ თემურ, მადლობა, ერთად ბევრ საქმეს გავაკეთებთ", - დაწერა ხაზარაძემ.
წალენჯიხა ერთადერთი ქალაქია, სადაც, ცესკოს მონაცემებით, ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა.