პარტია ერთიანი საქართველოს ლიდერი, ნინო ბურჯანაძე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს. ამით იგი ევროკავშირის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საელჩო იმედს გამოთქვამს, რომ პარტიები მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვას შეძლებენ.
"საუბრისთვის მზად ვართ, მაგრამ რაც შეეხება არჩევნების შედეგების აღიარებას და პარლამენტში შესვლას, ამას არავინ გააკეთებს, რადგან ეს არჩევნები იყო მოპარული. ალბათ კიდევ უფრო კარგად უნდა ავუხსნათ ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომ პარლამენტში შევლა ეს იქნება ქურდობაში თანამონაწილეობა რაც ივანიშვილმა ჩაიიდნა. მათ ალბათ, უჭირთ კიდეც იმის წარმოდგენა თუ რა მასშტაბის გაყალბება იყო", - ამბობს ნინო ბურჯანაძე.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა იმედს გამოთქვამს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია შეძლებს მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვას, რათა პარლამენტის ყველა არჩეულმა წევრმა თავისი ადგილი დაიკავოს.
22 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში წარმომადგენლობა ადასტურებს, საერთაშორისო დამკვირვებლების ერთობლივი განცხადების მიმართ მხარდაჭერას, რომელიც პირველი ტურის შემდეგ გამოქვეყნდა და ელოდება ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს, რეკომენდაციების ჩათვლით, გამოვლენილი ხარვეზების მოსაგვარებლად.
"ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიულ პროცესებს და სამართლებრივი ჩარჩოების დაცვას. საქართველოს სჭირდება ქმედითი პარლამენტი, როგორც ცენტრალური ფორუმი პოლიტიკური დებატებისთვის, სადაც – ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ჩვენი საერთო ვალდებულებების შესაბამისად – ყველა პარტია რეფორმების გასატარებლად ერთად იმუშავებს.
ამიტომ, იმედი გვაქვს და მოველით, რომ ყველა პოლიტიკური პარტია შეძლებს მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვას, რომ პარლამენტის ყველა არჩეულმა წევრმა, მიუხედავად მათი მხრიდან საარჩევნო პროცესის განსხვავებულად შეფასებისა, პარლამენტში თავიანთი ადგილები დაიკავოს. მოვუწოდებთ პრლამენტის წევრებს გამოიყენონ საქართველოს მოქალაქეების მიერ მათთვის მინიჭებული მანდატები, რომ განიხილონ მოუგვარებელი პოლიტიკური საკითხები და შექმნან უკეთესი საფუძველი მომავალი არჩევნებისთვის, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გზით. პარლამენტმა, ასევე, სრულად უნდა შეასრულოს თავისი როლი ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში არსებული საგანგებო გამოწვევების გადასაჭრელად, რომლის წინაშე ქვეყანა პანდემიის გამო აღმოჩნდა", - ნათქვამია განცხადებაში.
ოპოზიციური პარტიები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ, ისინი არ აღიარებენ შედეგებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ფასილიტატორებთან ერთად, ორი შეხვედრა გაიმართა, თუმცა კონკრეტული შედეგი ჯერ არ დამდგარა. ამის შემდეგ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრა გაიმართა.