logo
ENG



ბურჯანაძე: ყველა მოძალადე და სექსუალურად შემვიწროებელი უნდა დაისაჯოს მაქსიმალურად

27 მარ 202301:07
3 წუთის საკითხავი
 
ბურჯანაძე: ყველა მოძალადე და სექსუალურად შემვიწროებელი უნდა დაისაჯოს მაქსიმალურად

სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ ყველა მოძალადე და სექსუალურად შემვიწროებელი უნდა დაისაჯოს.

"რამდენჯერმე ვუყურე თათია სამხარაძის ვიდეოს.

წარმოუდგენელია ის ყველაფერი, რაც მის მიმართ მიმდინარეობს. უფრო სწორად, წარმოუდგენელია ამ უკანონობისა და სითავხედის მასშტაბი!

ერთი შეხედვით მედიის თავისუფლების ანტურაჟით შენიღბული სახელისუფლო პროპაგანდისტის გადასარჩენი სპეცოპერაცია, მაგრამ რეალურად ეს გაცილებით მეტია და კარგად ჩანს პირადი ცხოვრების უფლების უკანონო ხელყოფა, უფლებადამცველების შევიწროება და დისკრედიტაცია და სამართალდამცველების პოლიტიკური მიზნით გამოყენება.

ამ ყველაფრის თანმდევი მძიმე ადამიანური ტვირთის ატანა უწევს თათიას და მის ახლობელ ადამიანებს. ძნელია ამ საშინელების მოთმენა და პირველ რიგში გამძლეობას მას ჩემგან როგორც თანამოქალაქისგან.

ყველა მოძალადე და სექსუალურად შემვიწროებელი უნდა დაისაჯოს მაქსიმალურად და სრულად!" - წერს ბურჯანაძე.

თავად სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სამხარაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია.

იქამდე სამხარაძემ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ სამთავრობო პოსტვ იტყუება, თითქოს ის დიმა ჩიქოვანის სახლიდან ვერ გამოდის, რადგან ჩალურჯებები აქვს. სამხარაძემ ამის საპირისპიროდ ვიდეო სახლიდან ჩაწერა, რომელშიც ჩანს, რომ დაზიანებები არ აქვს.

ვიდეო

112-ში პროპაგანდისტული ტელევიზიის POSTV-ის მიერ განხორციელებული ცრუ შეტყობინების გამო 24 მარტს გვიან ღამით ნაციონალური მოძრაობის წევრის დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.

უწყებაში POSTV-ის პროპაგანდისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. პოლიციელებმა დანაშაული ვერ დაადგინეს - ენმ-ის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო ცრუ დასმენა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დიმა ჩიქოვანის მიმართ მოწყობილი შეგნებული პროვოკაცია.

მომხდარის შესახებ თათია სამხარაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებები პოსტივისთან ერთად "ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, თითქოს მე გატაცებული ვიყო სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს. აი ასე, პროვოკაციულად უდანაშაულო ადამინს აბრალებენ სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულს."

სამხარაძის თქმით, მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველის, საქართველოში საფრთხეშია.

თათია სამხარაძე ერთ-ერთია, ვინც POSTV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. მან რამიშვილს ტელეკომპანია იმედში ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა. 2018 წლის 3 იანვარს შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რამიშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ორი ინსტანციის გადაწყვეტილება რამიშვილს უზენაეს სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია.

ბოლო დღეების განმავლობაში რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა. მათი ისტორიები მსგავსია. როგორც ქალები ამბობენ, ისინი გასაუბრების დროს შეავიწროვეს. სექსუალური შევიწროების ბრალდებებს უარყოფს შალვა რამიშვილი.


close დახურვა