logo
ENG



ბურჯანაძე კობახიძეზე:დიდი ფანტაზია უნდა მსგავსი გამაოგნებელი განცხადებების გაკეთებას

18 ივნ 202014:28
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებებს "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ეხმაურება. 

ბურჯანაძე "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის განცხადებებს გამაოგნებელს უწოდებს. ბურჯანაძე ამბობს, რომ პარლამენტის ყოფილი სპიკერის განცხადებების შემდეგ, კომენტარი თავად მმართველი პარტიის ხელმძღვანელმა, ბიძინა ივანიშვილმა უნდა გააკეთოს. 

"აბსოლუტურად გამაოგნებელი იყო კომენტარები, რომლებიც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის და ბიძინა ივანიშვილის მთავარი სპიკერის, ირაკლი კობახიძის მხრიდან. ძალიან დიდი ფანტაზია უნდა მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთებას. ახლა ბატონო ბიძინა გამობრძანდით და გააკეთეთ კომენტარები აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. გააკეთეთ კომენტარი, რომ თქვენ, როგორც პროდასავლურ პოლიტიკურ ლიდერს, რომელიც ოღონდ ყველა დასავლურ ფასეულობებს არღვევთ, თურმე გებრძვით რუსეთის ხელისუფლება, იმით რომ გიგეგმავთ საქართველოს ტერიტორიაზე ჟურნალისტის მკვლელობას და ამით მოქმედებს ოპოზიციასთან ერთად, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნას“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

კობახიძის განცხადებას დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. მათ აღნიშნეს, რომ ხელისუფლება, ნაცვლად ოკუპანტი ქვეყნის მიმართ მკაცრი ნაბიჯების გადადგმისა, ოპონენტებს ესხმის თავს და ამით მტერს ეხმარება.


close დახურვა