გიორგი გახარიას გუნდის წევრის, ანა ბუჩუკურის, აზრით, ყოფილი პრემიერის მიერ ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის გაგზავნილი მუქარის წერილის შესახებ ამბის გააქტიურება დეტექტიური ჟანრის სერიალს ჰგავს.
ბადრი ჯაფარიძემ 2 ივნისს განაცხადა, რომ მუქარის შემცველი წერილი მას გიორგი გახარიამ პირადად გადასცა.
გახარიას თანაგუნდელი ამბობს, რომ ლელოს ლიდერების სამწლიანი დუმილი მისთვის კითხვის ნიშნებს აჩენს. ანა ბუჩუკური ჯაფარიძის მიერ თემაზე ახლა საუბარს გიორგი გახარიას პოლიტიკაში გააქტიურებას უკავშირებს.
„გულწრფელად, მეც მაქვს ეს შეკითხვა და ალბათ თქვენც გაქვთ ეს შეკითხვა - სამი წლის განმავლობაში ბატონო ბადრი ან ხაზარაძე რატომ არ საუბრობდნენ ამაზე? ხომ არ უკავშირდება ეს გახარიას ახლებული როლით შემოსვლას პოლიტიკაში? მართლა ჩემი თხოვნაც იქნება, რომ ჰკითხოთ მას ეს. სამი წლის განმავლობაში რატომ არ ამბობდნენ იმას, რაც ეთერში თქვა ბატონმა ბადრიმ. ჩემთვის დეტექტიურ სერიალს ჰგავს ეს ყველაფერი. პირველი სერია სამი წლის წინ იყო, ახლა მეორე სერია იწყება და, როგორც ჩანს, გაგრძელდება", - ამბობს ანა ბუჩუკური.
2019 წლის 4 მარტს მამუკა ხაზარაძემ გაავრცელა მუქარის შემცველი წერილი, რომელიც ხაზარაძის მტკიცებით, მას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ იმჟამინდელმა შსს მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა.
ხაზარაძის მიერ გავრცელებულ წერილში, მისი მტკიცებით, გიორგი გახარია მას ტვ პირველის სარედაქციო პოლიტიკის ტელეკომპანია იმედის ტრენდზე გადაყვანას თხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათ წინააღმდეგ სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებით ემუქრებოდა.
ხაზარაძის თქმით, წერილში ასევე აღნიშნულია, რომ მამუკა ხაზარაძემ უნდა გააკეთოსგანცხადება იმის შესახებ, რომ მისთვის ნაციონალური მოძრაობის რევანში მიუღებელია.
როგორც ის ამბობს, წინააღმდეგ შემთხვევაში წერილის ავტორები მის წინააღმდეგ ყველასაშუალების გამოყენებით ემუქრებოდნენ.
წერილის დედანზე ექსპერტიზა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა.
პროკურატურის ცნობით, ექსპერტიზის შედეგებით დადგინდა, რომ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ მუქარის წერილის დედანზე გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა.