პროფესორი, ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ სასაფლაოებთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საბჭოს მიერ დაწესებული რეგულაცია დაუსაბუთებელია.
როგორც მან გადაცემა კომენტარში აღნიშნა, არ ფიქრობს, რომ ეს რეგულაცია ეპიდვითარებას გააუმჯობესებს, რადგან სასაფლაოებზე ძირითადად ოჯახის წევრები იკრიბებიან, რომლებსაც ერთმანეთთან კონტაქტი ისედაც აქვთ.
"ალბათ, ცოტა დაუსაბუთებელია სასაფლაოებთან დაკავშირებული რეგულაცია, იმიტომ, რომ არ მგონია, ამან რადიკალურად გაუმჯობესება მოახდინოს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის, ვგულისხმობ სასაფლაოების ჩაკეტვას, რაც ზოგიერთი ადამიანისთვის ძალიან მწვავედ აღქმადი გახდა. ეს არის ღია სივრცე, ძირითადად ოჯახის წევრები იკრიბებიან ხოლმე, რომლებიც ისედაც კონტაქტში არიან ერთმანეთთან და ალბათ ეს რაღაც გადამჭრელი არ არის და არც იყო აუცილებელი. იგივე ადამიანები შეიძლება პირიქით დახურულ სივრცეში და სახლებში შეიკრიბონ დღესასწაულის აღსანიშნად", - განაცხადა ბუწაშვილმა.
მისივე თქმით, მოქალაქეებმა დიდი შეკრებებისგან თავი უნდა შეიკავონ, რადგან ეს ინფექციის გავრცელების მთავარი რისკია.
"ზოგადად მთავარი არის ის, რომ დიდი თავყრილობები არ უნდა იყოს. გასაგებია, რომ სახელმწიფოსთვის ამის აღსრულება ძნელია და ყველას სახლებში ვერ შევუვარდებით, მეტწილად თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული რომ დიდი შეკრებები არ გავაკეთოთ, იმიტომ, რომ ეს არის მთავარი რისკი ინფექციის გავრცელების. ზოგადად, რაც გვაქვს რეგულაციები, იმის აღსრულება უფრო მეტად უნდა მოხდეს, თანაბრად და სამართლიანად ყველასთვის, რომ მერე აღარ დაგვჭირდეს შემდგომი შეზღუდვები, რადგან ეს ძალიან მძიმედ აისახება ჩვენს მოსახლეობაზე", - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.
უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, აღდგომის სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოზე გასვლა შეიზღუდება, ჩაიკეტება სასაფლაოსთან მისასვლელი გზები.
გარდა ამისა, 4-12 მაისის პერიოდში, უქმე დღეებში შეუზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ასევე, საბჭოს გადაწყვეტილებით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, იმოქმედებს პირველი მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე.