logo
ENG



გაბოროტებული იყო, ყბა აუკანკალდა, პირზე დუჟი მოადგა - კობახიძე ჟურნალისტს კვლავ თავს ესხმის

26 ივლ 202210:11
3 წუთის საკითხავი
 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს და "მთავარი არხის" ჟურნალისტს კვლავ შეურაცხყოფას აყენებს.

კობახიძის თქმით, ჟურნალისტი "სიბინძურისგან იყო გაბოროტებული, კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირზე დუჟი მოადგა".

კობახიძის თქმით, ვინც გუშინ "მთავარი" არხის ჟურნალისტის "უბინძურესი შეურაცხყოფის იგნორირებას და მასზე პასუხის დაგმობას ცდილობდა, პავლიკა მოროზოვები არიან", მათ შორის კობახიძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც მოიხსენიებს.

"გუშინ "მთავარის" ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ისეთი სიბინძურე იკადრა, რომ ამას "მთავარიდანაც" კი ბევრი არ იკადრებდა. თან ამ სიბინძურისგან თვითონვე ისე იყო გაბოროტებული, კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირდაპირი გაგებით, პირზე დუჟი მოადგა. ამის შემხედვარეს "რას დაგამსგავსათ აბელა სეთურმა" იყო პირველი, რაც გაგახსენდებოდა. ახალგაზრდა ადამიანი ამ მდგომარეობამდე რომ მივა, ნაცმოძრაობის ბოროტებას რა ძალა აქვს, უკვე აბსოლუტურად ცხადია. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ნაცმოძრაობის აქტივისტობა უპირობოდ პავლიკამოროზოვობას ნიშნავს. ვინც გუშინ "მთავარის" ჟურნალისტის მიერ ნაკადრი უბინძურესი შეურაცხყოფის იგნორირებას და მასზე პასუხის დაგმობას ცდილობდა, ისინიც ჩამოყალიბებული პავლიკა მოროზოვები არიან. ინგა გრიგოლიასგან, გიორგი თარგამაძისგან, ნიკანორ მელიასგან, ლევან ხაბეიშვილისგან და სხვა ცნობილი ვაჭრებისგან (ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), პატარა კაცებისგან და პატარა ქალებისგან ეს არავის გაკვირვებია. მოროზოვებში სალომე ზურაბიშვილიც რომ გამოერია, აღარც ეს არის ვინმესთვის გასაკვირი. დეპოლარიზაცია ბოლშევიკებთან და პავლიკა მოროზოვებთან მორიგებით ვერ მიიღწევა. ეს გაკვეთილი საქართველომ ჯერ კიდევ 100 წლის წინ მიიღო. დეპოლარიზაცია მხოლოდ დეპავლიკიზაციით არის შესაძლებელი, რასაც 2024 წლამდე მთელ ჩვენ ყურადღებას დავუთმობთ", - წერს კობახიძე. 

გუშინ, 25 ივლისს, ირაკლი კობახიძეს მთავარი არხის ჟურნალისტმა სთხოვა, შეეფასებინა დავით არახამიას განცხადება იმაზე, რომ "კობახიძის მამა "კაგებეშნიკია", რაზეც კობახიძემ ჯერ არახამიას უწოდა არაკაცი, შემდეგ კი ჟურნალისტს - "გულისამრევი" და "სამარცხვინო".

კობახიძის შეურაცხყოფას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა და თქვა, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარის "უკადრის" საქციელს გმობს.


close დახურვა