ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მიმდინარეობს მუშაობა 5-12-წლამდე ბავშვებისთვის ვაქცინის მოწოდებაზე.
"5-დან 12 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის ფაიზერის ვაქცინის მოწოდებაზეც მიდის მუშაობა და ვფიქრობთ, რომ მალევე იქნება. დაახლოებით მეორე კვარტლის დასაწყისიდან იქნება ხელმისაწვდომი ეს ვაქცინა ქვეყანაში", - თქვა გაბუნიამ.
კორონავირუსზე აცრა იცავს სიკვდილისგან. ვაქცინა არ არის 100%-იანი გარანტია იმისა, რომ კორონავირუსით არ დაინფიცირდებით, თუმცა, ადამიანი დაცულია დაავადების გართულებისგან.
ასევე, მასობრივად აცრის შემთხვევაში გაწყდება ვირუსის გადადების ჯაჭვი.
აცრა უსაფრთხოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.
ასაცრელად დარეგისტრირდით booking.moh.gov.ge-ზე.
აცრა შესაძლებელია ცოცხალი რიგითაც, რეგისტრაციის გარეშე.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ 10 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად:
- დადასტურებულ შემთხვევათა 88.7% არ იყო ვაქცინირებული;
- ჰოსპიტალიზირებულთა 93.6% არ იყო ვაქცინირებული;
- კრიტიკული მოვლის საჭიროების მქონეთა 96% არ იყო ვაქცინირებული;
- გარდაცვლილთა 96.2% არ იყო ვაქცინირებული.
მონაცემები მოცემულია 2021 წლის 15 მარტიდან-31 დეკემბრის ჩათვლით.
17 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 15 644 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 46 ადამიანი გარდაიცვალა.