ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა ე.წ. კომენდანტის გადაწევასთან დაკავშირებით.
კერძოდ, გაბუნიას თქმით, მსჯელობენ ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის ნაწილობრივ შემსუბუქებაზე.
"ჩვენ ძალიან აქტიურად ვადევნებთ თვალს მსოფლიო გამოცდილებას. სხვადასხვა ქვეყანაში, თუნდაც ამერიკაში დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ვაქცინირებული პირებისთვის პირბადის გარეშე ხდებოდეს გადაადგილება. ასევე საუბარია ღამის საათებში მოძრაობის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი არის ჯერ დამუშავების პროცესში...
აქტიური მსჯელობაა ღამით მოძრაობის შედარებით შემსუბუქებაზე, საუბარია დროის გადაწევაზე. ყველას გვესმის, რომ პიკის პერიოდში ამის რესურსი არ გაგვაჩნია", - ამბობს გაბუნია.
რაც შეეხება პირბადეების მოხმარებას, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ამ შეზღუდვას ჯერ ვერ შეამსუბუქებენ.
"პირბადესთან დაკავშირებული შეზღუდვის შემსუბუქებას ჩვენ ჯერ კიდევ კარგა ხანს ვერ მოვახერხებთ, ეს პირდაპირ უკავშირდება ვაქცინირებულთა რაოდენობას. ჩვენ რაც არ უნდა ეფექტურად გადავლახოთ პიკი მაისის ბოლომდე, პირბადე თავდაცვის საშუალებაა", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
11 მაისს გამართულ საკოორდინაციო საბჭოზე, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ე.წ. კომენდანტის საათი ისევ ძალაში დატოვოს. ე.წ. კომენდანტის საათის ქვეყანაში უკვე ნახევარ წელზე მეტია მოქმედებს.