ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, თუ ქვეყანა ვაქცინას ეფექტურად ვერ აითვისებს, კოვაქსიდან მომდევნო მოწოდებაზე კითხვის ნიშნები დაისმება.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, ამას განაპირობებს ვაქცინაზე გლობალურად მაღალი მოთხოვნა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დოზები, რომელიც ჩვენ კოვაქსიდან მივიღეთ, იყოს სრულად და ეფექტურად ათვისებული. მოთხოვნა გლობალურად არის ძალიან მაღალი. ამდენად, რა თქმა უნდა, თუ ჩვენ არ ვუჩვენებთ კარგ შესრულებას ამ პირველ ეტაპზე, კითხვის ნიშნები დაისმება მომდევნო მოწოდებასთან დაკავშირებით", - უპასუხა გაბუნიამ ჟურნალისტს.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის აცრა მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვისაა შესაძლებელი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, დღეისთვის ჯანდაცვის სექტორის 4 000-ზე მეტი მუშაკია აცრილი.
22 მარტს ტიკარაძემ თქვა, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას, ექიმების გარდა, 65 წელს ზემოთ მოქალაქეებიც შეძლებენ. მათთვის რეგისტრაცია 25 მარტიდან გაიხსნება.