logo
ENG



გაბუნია: მათი აცრა, ვინც რისკ-ჯგუფში არაა, მესამე-მეოთხე კვარტალში იგეგმება

11 მარ 202114:40
3 წუთის საკითხავი
 
გაბუნია: მათი აცრა, ვინც რისკ-ჯგუფში არაა, მესამე-მეოთხე კვარტალში იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ვარაუდობს, რომ მოქალაქეებს, რომლებიც რისკ-ჯგუფებში არ შედიან, მიმდინარე წლის მესამე-მეოთხე კვარტალში აცრიან. ამასთან, მინისტრის მოადგილე აზუსტებს იმასაც, რომ ეს დამოკიდებულია, თუ რამდენად სწრაფად მიიღებენ დამატებით დოზებს.

"ჩვენ, უკვე მეორე-მესამე კვარტალი დაგვჭირდება იმისათვის, რომ მივიღოთ ვაქცინები, რაც დაგვჭირდება არარისკგუფი მოქალაქეების ასაცრელად. რისკ-ჯგუფების მოსახლეობა შეადგენს 860 ათასს.

მასობრივი ვაქცინაციის კამპანია დაგეგმილი გვაქვს მესამე-მეოთხე კვარტალში. მანამდე, პირველ-მეორე კვარტალში იქნება ინტენსიური ვაქცინაცია პრიორიტეტული ჯგუფებისთვის", - ამბობს თამარ გაბუნია. 

დღეს, 11 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში ვაქცინა შაბათიდან, 13 მარტიდან შემოვა. მისივე თქმით, შეთანხმების თანახმად, პირველ ეტაპზე ქვეყანა ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზას მიიღებს.

მინისტრის განცხადებითვე, ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ფაიზერის დაჩქარებული წესით მოწოდებაც მოხდეს.

თავდაპირველად საქართველოში ფაიზერის ვაქცინა თებერვლის ბოლომდე უნდა შემოსულიყო, თუმცა თარიღმა არაერთხელ გადაიწია. ჯანდაცვის მინისტრის თამარ გაბუნიას ბოლო განცხადების თანახმად, ფაიზერისა და ასტრაზენეკას ვაქცინები 22 მარტის კვირაში შემოვა, საუბარია ფაიზერის 29 250 და ასტრაზენეკას 129 600 დოზაზე. მთავრობაში ამბობენ, რომ განიხილება ჩინური ვაქცინის შემოტანაც, რომელიც ავტორიზაციას, მათივე თქმით, მალე გაივლის. 


close დახურვა