logo
ENG



გაბუნია: საქართველოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის ვაქცინა

18 იან 202113:07
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოს ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის ვაქცინის მიღება შეუძლია.

გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაში, რომელზე მუშაობაც მთავრობამ გუშინ დაასრულა, დაკონკრეტებულია, რომ ქვეყანა მზადაა, მიიღოს როგორც ფაიზერის, ასევე ასტრაზენეკასა და მოდერნას ვაქცინები.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ასევე მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების აღიარება და რამდენიმე ვაქცინაა ამგვარი აღიარების, ეს არის ფაიზერი, ასტრაზენეკა და მოდერნა. ამაზე ვსაუბრობთ, თუმცა როგორც კი ახალი ვაქცინა გამოჩნდება ბაზარაზე მსგავსი აღიარების, რა თქმა უნდა, გეგმა ამასაც გაითვალისწინებს.

გეგმაში დაკონკრეტებულია მკაფიოდ, რომ სამივე ტემპერატურული რეჟიმისთვის ქვეყანა არის მზად, ეს არის -80-გრადუსიანი, -20-გრადუსიანი და 2–8 გრადუსი, რა თქმა უნდა, ეს არის რუტინული იმუნიზაციის ჯაჭვი, რაც ჩვენ მოგვცემს საშუალებას ყველგან გავაკეთოთ ამ ტიპის ვაქცინაცია. ამდენად ამ ტიპის მზაობა არის მაღალი. არც სჭირდება დამატებითი ინვესტიცია იმისთვის, რომ ჩვენ ნებისმიერი ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინა მივიღოთ", - განაცხადა გაბუნიამ.

მანვე აღნიშნა, რომ კოვაქსის პლატროფმასთან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა ვაქცინის შემოტანა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მოხდეს.

"კოვაქსის პლატფორმასთან მიდის ინტენსიური მოლაპარაკება პირველი დოზების მიღების თაობაზე პირველ კვარტალში. ამისთვის სამინისტრომ უკვე გააგზავნა წერილი პარასკევს, დღეს იყო ბოლო ვადა ინტერესის გამოხატვის და დადასტურების, რომ ქვეყანას შეუძლია, ხვალვე რომ იყოს ხელმისაწვდომი, დაიწყოს ვაქცინაცია ფაიზერის ვაქცინით. თუმცა, ასევე არ გამოვრიცხავთ, რომ შესაძლოა, მსგავსი ინტერესი და შემოთავაზება კოვაქსის პლატფორმიდან მივიღოთ პირველ კვარტალშივე ასტრაზენეკათი ვაქცინაციის დაწყებასთან მიმართებაში. მთავარია ის, რომ ქვეყანას აქვს როგორც მარეგულირებელი მზაობა, ისევე ტექნიკური მზაობა ვაქცინაციის დასაწყებად მომდევნო ორი თვის განმავლობაში", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რა ვიცით ამ დრომდე კოვიდვაქცინის საქართველოში შემოტანასა და ვაქცინაციის გეგმაზე - წაიკითხეთ აქ.


close დახურვა