ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ადამიანი კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში გადამდები აღარ არის, თუნდაც მისი ტესტის პასუხი დადებითი იყოს.
შესაბამისად, მისი განცხადებით, მე-12 დღეს, თუ ადამიანს არ აქვს სიმპტომები, შეუძლია დაუბრუნდეს სოციალურ ცხოვრებას ისე, რომ განმეორებით ტესტი არ ჩაიტაროს.
გაბუნია ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან ახალი რეკომენდაციები მიიღო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეფასდეს უსიმპტომო პირების გამოჯანმრთელების სტატუსი.
"ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად გადამდები აღარ არის და ტესტი შესაძლოა დადებითი იყოს, თუმცა ვირუსის უნარი დააინფიციროს სხვა - მინიმალურია ან პრაქტიკულად არ არსებობს.
ამიტომ, სქემა, რომელიც განვიხილეთ და რაც აისახება ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინებში, შეეხება უსიმპტომო პირებისთვის გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭებას. მეთორმეტე დღეს პირი, რომელსაც სიმპტომი აღარ აღენიშნება, ჩაითვლება გამოჯანმრთელებულად და შეუძლია დაუბრუნდეს სოციალურ აქტიურობას ტესტის განმეორებით ჩატარების გარეშე", - თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც სიმპტომები აქვთ და საავადმყოფოებში არიან - გამოჯანმრთელების მინიმალური ხანგრძლივობა არის 13 დღე, საიდანაც 10 დღე სიმპტომების პერიოდად ითვლება, 3 დღე კი - უსიმპტომოდ.
"ამასთან ერთად, შესაძლოა, საჭირო იყოს კლინიკური გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მზად არის პაციენტი, ჩვეულ სოციალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. თუმცა, ეპიდემიოლოგიური რისკების თვალსაზრისით ასეთი პაციენტებიც, თუ ბოლო 3 დღის განმავლობაში სიმპტომები არ აქვთ, ითვლება, რომ არ წარმოადგენენ რისკს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით". - თქვა თამარ გაბუნიამ.
დღეს, 28 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 148-ით გაიზარდა, 3 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, ამ მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 5 552 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 1906 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა - 31.
NCDC-ის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 3 957 ტესტი ჩატარდა.