ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში ჰოსპიტალურ მკურნალობას კორონავირუსით ინფიცირებული 2 698 პაციენტი გადის.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მათგან 174 პაციენტი რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული.
"2 698 პაციენტი იტარებს ჰოსპიტალურ მკურნალობას, აქედან 174 პაციენტი არის რეანიმაციის განყოფილებაში, ანუ ხელოვნური ვენტილაცია სჭირდებათ და 678 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. როგორც ხედავთ საკმაოდ კონცენტრირებულია იმ პაციენტების მდგომარეობა, რომელსაც აქვს საყურადღებო რთული ფორმა დაავადების და მათ უტარდებათ ინტენსიური თერაპიის კურსი", - განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, ივლისიდან საწოლფონდის შემცირება იგეგმება, რადგან დღეს არსებული რაოდენობა საჭირო აღარ არის.
"საწოლფონდი მობილიზებული რჩება, თუმცა ივლისის თვიდან გარკვეული დემობილიზაცია დაიწყება, რადგან ეს რაოდენობა საწოლების ამ ეტაპზე საბედნიეროდ საჭირო აღარ არის. დღეისათვის 3 225 საწოლია თავისუფალი ქვეყნის მასშტაბით", - თქვა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, 22 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გარდაიცვალა 24 ადამიანი, 635 კი გამოჯანმრთელდა.