logo
ENG



გაბუნია პანსიონზე: მიმდინარეობს სხვა ბავშვებთან მუშაობა, რათა მათი საჭიროებები შეფასდეს

04 ივნ 202114:51
3 წუთის საკითხავი
 
გაბუნია პანსიონზე: მიმდინარეობს სხვა ბავშვებთან მუშაობა, რათა მათი საჭიროებები შეფასდეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით მიმდინარეობს ბავშვებთან მუშაობა, რათა მათი საჭიროებები შეფასდეს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ. 

გაბუნიას თქმით, ბავშვებთან ფსიქოლოგებიც იმუშავებენ და უწყება ყველაფერს გააკეთებს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.  

"გუშინ, მიიღეს გადაწყვეტილება ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, 6 ბავშვის გადმოყვანის შესახებ, მიმდინარეობს სხვა ბავშვებთან მუშაობა იმისთვის, რომ მათი საჭიროებები შეფასდეს და გადაწყვეტილება იყოს მიღებული.

რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს დიდი ხანია ამ თემაზე აქვს გარკვეული სქემაც და მუშაობაც მიმდინარეობდა იმისთვის, რომ გარკვეულ მარეგულირებელ ჩარჩოში მოქცეულიყო მსგავსი პანსიონატის საქმიანობა. დღეს იქ რეგულირების სააგენტოც მუშაობს, მსგავსი სირთულეები ძალიან საყურადღებოა და როგორც პრევენციულად, ასევე ამ კონკრეტულ შემთხვევაში რეაგირების კუთხით, ჯანდაცვის სამინისტროც და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოც მაქსიმალურს გააკეთებს იმისთვის, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს და ბავშვების ინტერესები, რომლებიც ამჟამად იქ იმყოფებიან, ფსიქოლოგების და სხვა უწყების დახმარებით მოგვარდეს...დანარჩენ დეტალებს, როდესაც ეს პროცესი მთლიანად დასრულდება, სააგენტოს საშუალებით საზოგადოებას ვაცნობებთ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონის შემოწმებისას 6-მა არასრულწლოვანმა დაწესებულების დატოვების სურვილი გამოთქვა. ასევე, იდენტიფიცირებულია კიდევ 10 ბავშვი, რომელთა გამოყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო. მანამდე, ბოლო რამდენიმე წელია გამოძიება კიდევ 4 საქმეზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს. 

ასევე, გუშინ, 3 ივნისს ფორმულამ გავრცელა ინტერვიუ პანსიონის ყოფილ აღსაზრდელთან, რომელიც იქ გატარებულ წლებს იხსენებს და ბავშვებზე ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. იგი ამბობს, რომ აღმზრდელები მათთან "ჯოჯოხეთს ატრიალებდნენ". 

"იყო ძალიან მძიმე ფაქტები ჩემთან და სხვებთან მიმართებით, იყო ბულინგი, ცემა რეიკებით, სახაზავებით, რაც ხელში მოყვებოდათ. [გვცემდნენ] აღმზრდელები, რომლებსაც ვითომ კაბა ეცვათ და ღმერთი სწამდათ სინამდვილეში კი იქ ჯოჯოხეთი ჰქონდათ დატრიალებული.

ლოგინის რეიკებით, ხის სახაზავებით, თუ არ დავიძინებდით შუადღეზე რეიტუზებით აგვიკრავდნენ თვალებს და გვაძინებდნენ, თუ არ დავიძინებდით და მასწავლებლებს არ დავემორჩილებოდით, მათ თავს არ დავუხრიდით, გვათენებინებდნენ პურის მარცვლებზე და ბრინჯზე 24 საათით მუხლებით, კუთხეში", -  ყვება ის. 

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) გეგმავს, რომ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართონ და მოითხოვენ ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვის გამოყვანა.

 


close დახურვა