logo
ENG



გაბუნიას საქმეზე ხელისუფლება სირაქლემას პოზიციაშია - ოპოზიცია ზურაბიშვილს აკრიტიკებს

18 ივნ 202008:14
3 წუთის საკითხავი
 

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გაკეთებულ განცხადებას ოპოზიციის კრიტიკა მოყვა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ მუქარის შემცველ განცხადებებზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს.

მათივე განმარტებით, ზურაბიშვილის განცხადება კიდევ ერთხელ მიუთითებს მმართველი პარტიის მიერ პუტინის არ გაღიზიანების პოლიტიკაზე.

"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სირაქლემას პოზიციაშია. 

"ხელისუფლება უნდა იქცეოდეს ადეკვატურად ასეთ სიტუაციებში. ხელისუფლების განცხადებები ამაზე არ მიუთითებს. ნაცვლად იმისა, რომ პრევენციისთვის მთელი საზოგადოება იყოს მობილიზებული, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს, მათი პოზიცია - სირაქლემას პოზიციაა და ქვიშაში თავჩარგული ადამიანის პოზიცია. უნდა ვიმოქმედოთ როგორც თავმოყვარე ხელისუფლებამ და თავმოყვარე ქვეყანამ. კადიროვისნაირ ცინიკურ განცხადებებს ადეკვატური პასუხი უნდა გაეცეს აქედან და არა, როგორც ზურაბიშვილი საუბრობდა დღეს“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი ცდილობს რუსეთი არ გააღიზიანოს. 

"სამწუხაროდ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც საუბრობს უნისონში რუსეთთან. გვახსოვს მისი განცხადებები ომის დაწყებასთან და დადანაშაულებასთან დაკავშირებით, რაც იყო რუსეთის გზავნილი. გვახსოვს 1 წლის წინ, როდესაც გაბუნიაზე თავდასხმა დაიწყო, მათ შორის კადიროვის მონაწილეობით, ზურაბიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც გაბუნიას დამგმობი განცხადება გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მას არაფერი აქვს სათქმელი. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ პუტინი არ გააღიზიანოს და საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები და მოქალაქეების უსაფრთხოება მეორეხარისხოვნად მიაჩნია“, - აღნიშნა სამადაშვილმა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი კი მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლების მსგავსად ფიქრობს, რომ ეჭვის მიუხედავად გამოძიების დასრულებამდე რუსეთის დადანაშაულება მიზანშეწონილი არაა.  

"ჩვენი ნებისმიერი ემოციური განცხადება ესაა ემოციური რეაქცია. მთავარი აქ არის სახელმწიფოებრივი მოქმედება. სუს-მა დანაშაული აღკვეთა. მიმდინარეობს გამოძიება. ხელისუფლებას გვაქვს პასუხისმგებლობა ამ გამოძების ბოლომდე მიყვანამდე და არა ის, რომ მტერს მივაწერო, მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი და საფუძველი არსებობს. გამოძიება დასრულდება. ამის მერე გვექნება მოქმედება და რეაქცია“, - ამბობს სესიაშვილმა.


close დახურვა