"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გრიგოლ ვაშაძე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, გიგი უგულავას 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
ვაშაძე ამბობს, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციას უნდა უბიძგოს გაერთიანებისკენ. მისივე თქმით, გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ სასამართლო მმართველი გუნდის ინტერესების გამტარებელია.
"არ უნდა დაგვავიწყდეს არც გიორგი რურუა, არც ირაკლი ოქრუაშვილი, და არც სხვა პოლიტპატიმარი. მაშინ როდესაც დღეს ოპოზიცია აქ იყო შეკრებილი და მსჯელობდა, კიდევ ერთხელ გვითხრა ოლიგარქიულმა რეჟიმმა, რომ ფეხებზე გვკიდია თქვენი პროპორციული არჩევნებიც და ყველაფერიც. პირველივე დღიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ამ შეხვედრების მიმართ. ვინც არ უნდა ჩასვან ციხეში, ამ ტალღის გაჩერება შეუძლებელია. გიგი რომ ციხეში წავა, ეს კიდევ ერთი სტიმული იქნება, რომ ოპოზიცია შეიკრიბოს მაგიდასთან, შეთანხმდეს ერთობლივ მოქმედებაზე, არ დაუყენონ თავიანთი კანდიდატები და ვინც ამას გააკეთებს ოლიგარქიული რეჟიმის ნაწილი იქნება. გაგხევთ ნაკერავზე ვინც არ უნდა ჩასვათ ციხეში", - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლებით აღკვეთა შეუფარდა.