logo
ENG



გადაგდება, ტყუილი, უწესობა არის ამ ხელისუფლების თვისება - ბაჩუკი ქარდავა

09 მაი 202017:18
3 წუთის საკითხავი
 

„პოლიტიკურ პატიმარს დაარქმევს მათ გახარია თუ უბრალოდ პატიმარს, ფაქტია, ყველამ იცის, ვისზეცაა საუბარი", - ასე ეხმაურებიან ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელები გიორგი გახარიას განცხადებას ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არარსებობის შესახებ.

როგორც გურამ ჩალაგაშვილი აცხადებს, დემოკრატიული პროცესებისთვის უმნიშნელოვანესია პოლიტიკური ნიშნით დევნის შეწყვეტა, რაც შეთანხმების ნაწილიც იყო.

„ყველამ თქვა სახელები და გვარები, ვისზეც იყო საუბარი: ირაკლი ოქრუაშვილი გიგი უგულავა, პოლიტიკური პარტიის ორი ლიდერი და გიორგი რურუა. შეთანხმების მთავარი ნაწილი იყო ის, რომ 2020-ის არჩევნები რომ ჩატარდეს დემოკრატიულად საქართველოში, ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელთა  დაკავებასაც აქვს ამდენი კითხვის ნიშანი, იყვნენ თავისუფლებაზე. პოლიტიკურ პატიმარს დაარქმევს მათ გახარია თუ უბრალოდ პატიმარს, ფაქტია, ყველამ იცის, ვისზეცაა საუბარი", - აცხადებს გურამ ჩალაგაშვილი.

„ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში“ ამბობენ, რომ ხელისუფლებას არ აქვს თავდაჯერებულობის საფუძველი და უნდა იყვნენ მზად იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობას წერტილს სწორედ ხალხი დაუსვამს.

„ეს ხელისუფლება ყველაფერს კადრულობს. გადაგდება, ტყუილი, უწესობა არის ამ ხელისუფლების თვისება. გახარიამ იცრუა, როცა თქვა, რომ არ არიან ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები და როცა ამბობს, რომ შეთანხმება შესრულებულია - არ არის შეთანხმება შესრულებული. ძალიან უყვარს გახარიას სიტყვა წერტილი - ალბათ ასე გამოხატავს გახარია თავდაჯერებულობას, მაგრამ არ არის „ქართული ოცნების ხელისუფლება“ თავდაჯერებული. მათ წერტილს დაუსვამს ქართული საზოგადოება", - ამბობს ბაჩუკი ქარდავა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი კი აცხადებს, რომ პოლიტპატიმრების არარსებობა ისეთივე სიცრუეა პრემიერის მხრიდან, როგორც იმაზე საუბარი, თითქოს 20 ივნისს ახალგაზრდებს თვალები არ დასთხარეს.

„პატიმრებს ეშველება მაშინ, როცა ეს ხელისუფლება ხელს დაგვიქნევს. გვამებზე ცეკვა და დემოკრატიის დაბადება ერთდროული პროცესი არაა - ყველა პოლიტპატიმარი უნდა გამოვიდეს გარეთ, რათა ვისაუბროთ დემოკრატიულ არჩევნებზე", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ 8 მარტის შეთანხმება არ მოიცავდა პოლიტიკურ პატიმრებზე რაიმე სახის დათქმას - ეს იყო შეთანხმება საარჩევნო რეფორმისა და სახელისუფლებო შტოებს შორის ერთმანეთის საქმიანობაში ჩაურევლობაზე.

„ნაციონალური მოძრაობის წევრებმა თქვეს, რომ წერილი დაწერა კუბილიუსმა მას შემდეგ, რაც მათთან ჰქონდა კომუნიკაცია. მსგავსი წერილები სუბიექტურად განწყობილ ჯგუფებთან კომუნიკაციის შემდეგ არ უნდა იწერებოდეს. რვა მარტის შეთანხმება რომ შეიძლება არ შედგეს, საუბრობენ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან კლასტერით დაკავშირებული პოლიტიკური ძალები. ეს არის ორპუნქტიანი შეთანხმება - პირველი პუნქტია საარჩევნო რეფორმა და მეორე პუნქტია, რომ სახელისუფლებო შტოები ერთმანეთის საქმიანობაში არ უნდა ერეოდნენ", - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ რვა მარტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ - ოპოზიციის კრიტიკა სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა.


close დახურვა