logo
ENG



გადაუდებელი დახმარების ცენტრი: აქციაზე სასწრაფოს განთავსებაზე ორგანიზატორებს არ მოუმართავთ

06 ნოე 202123:35
3 წუთის საკითხავი
 

გადაუდებელი დახმარების ცენტრი რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის არყოფნას იმით ხსნის, რომ ამაზე აქციის ორგანიზატორებს არ მიუმართავთ მათთვის. 

ცენტრი აცხადებს, რომ მოქალაქის შეუძლოდ გახდომის გამო გამოძახებიდან 13 წუთში მივიდნენ ადგილზე და ჩაატარეს რეანიმაციული ღონისძიებები. 

"6 ნოემბერს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი მოქალაქის  გონების კარგვასთან დაკავშირებით გამოძახება 18:22 საათზე შემოვიდა. ქალაქ რუსთავის ფილიალის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოძახების ადგილზე 18:35 საათზე იმყოფებოდა.

პაციენტს ადგილზე ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული  შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებები, რის შემდეგაც, 18:45 საათზე, ჰოსპიტალიზირებულ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში.

ასევე, აქციის მიმდინარეობისას, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა 2 მოქალაქის ჰოსპიტალიზაცია განახორციელა, ხოლო 7 მოქალაქეს ადგილზე გაუწია სამედიცინო დახმარება.

ამ დროისთვის, მიმდინარე აქციაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის  2 ეკიპაჟი იმყოფება" - წერია განცხადებაში.

დღეს, 6 ნოემბერს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ოპოზიციის საპროტესტო აქციის დაწყებამდე კაცი შეუძლოდ გახდა, სასწრაფოს მოსვლის შემდეგ კი გარდაიცვალა. ექიმები მას სამედიცინო დახმარებას ადგილზე უწევდნენ.

მომხდარს ფეისბუქზე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე, რომლიც წერს, რომ სასწრაფო დახმარება აქციაზე არ იდგა და გამოძახების შემდეგ დაიგვიანა. 

"მე და ჩემთან ერთად 30 მდე ადამიანი შევესწარით, როცა 40 წუთის განმავლობაში სასწრაფო დახმარება ვერ მოვიდა. 40 წთ ვევედრებოდით პატრულს სასწრაფო დახმარების მანქანა დროზე მოსულიყო. ექიმმა, ვინც აქციაზე იყო ხელოვნური სუნთქვით აცოცხლა ადამიანი, სანამ ექიმები ფეხით არ მოვიდნენ. ფეხით (!!!) იმიტომ, რომ უკანა მხარეს სასწრაფომ ვერ მოაღწია. რატომ არ იდგა ამხელა აქციაზე სასწრაფო დახმარების მანქანა", - წერს ის.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


close დახურვა