logo
ENG



გაეროს უშიშროების საბჭომ ისრაელ-ღაზას შორის ცეცხლის შეწყვეტაზე აშშ-ის გეგმას მხარი დაუჭირა

11 ივნ 202401:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/11/3e2qvruyil5od13.jpg

გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შემუშავებულ გეგმას ისრაელსა და ღაზას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

რეზოლუციას საბჭოს 15 წევრიდან 14-მა მხარი დაუჭირა. ხმის მიცემისგან თავი შეიკავა რუსეთმა.

31 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამფაზიანი გეგმა წარადგინა

გეგმის პირველი ფაზა მოიცავს ცეცხლის შეწყვეტას ექვსი კვირით, როდესაც ისრაელის ჯარები მთლიანად გავლენ ღაზას დასახლებული პუნქტებიდან, რამდენიმე მძევალი, მათ შორის მოხუცები და ქალები, ასობით პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ გათავისუფლდება, პალესტინის მოქალაქეები სახლებში დაბრუნდებიან, ხოლო ღაზაში ასობით სატვირთო ჰუმანიტარული დახმარება შევა.

ამ ეტაპის ფარგლებში ჰამასი და ისრაელი ცეცხლის მუდმივ შეწყვეტაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რომელიც, ბაიდენის თქმით, იქამდე გაგრძელდება, "სანამ ჰამასი თავის ვალდებულებებს შეასრულებს". თუ მოლაპარაკებები ექვსი კვირაზე მეტხანს გაგრძელდება, ცეცხლის შეწყვეტაც გაგრძელდება.

მეორე ეტაპზე, ბაიდენის თქმით, მოხდება ყველა ცოცხალი მძევლის გაცვლა, მათ შორის კაცი ჯარისკაცების, ისრაელელი სამხედროები გავლენ ღაზას სექტორიდან და დაიწყება მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა.

მესამე ეტაპი ღაზას აღდგენის მასშტაბური გეგმასა და დაღუპული მძევლების ცხედრების ოჯახებისთვის დაბრუნებას მოიცავს.


close დახურვა