logo
ENG



გაეროში რუსეთის ელჩმა აგვისტოს ომში თბილისის დასადანაშაულებლად ოცნების განცხადება წაიკითხა

15 აგვ 202411:54
3 წუთის საკითხავი
 

გაეროში რუსეთის მუდმივი მისიის საქმეთა დროებით რწმუნებულმა, ელჩმა დმიტრი პოლიანსკიმ საქართველოს დასადანაშაულებლად ქართული ოცნების განცხადება წაიკითხა. 

საქართველოს აგრესორად გამოსაცხადებლად პოლიანსკიმ მმართველი პარტიის ციტირება მოახდინა. ამასთან, მისივე თქმით, რუსეთს ყოველწლიურად აკვირვებს დასავლეთის ქვეყნების სურვილი, განიხილონ "სააკაშვილის მიერ 2008 წელს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის საკითხი".

"ყოველ წელს ჩვენ გვაკვირვებს ჩვენი დასავლელი კოლეგების მანიაკური სურვილი, რომ განიხილონ სააკაშვილის აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ 2008 წელს. იმის გათვალისწინებით, თუ რა პოზიცია უკავია საქართველოს ხელისუფლებას, ეს სულ უფრო და უფრო ჰგავს მაზოხისტურ ქმედებებს. მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, მე უბრალოდ, თქვენი ნებართვით, წავიკითხავ საქართველოს მმართველი პარტიის, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს განცხადებიდან პირდაპირ ციტატას: ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, სამართლიანად, ეჭვქვეშ აყენებს სააკაშვილის ადეკვატურობას.

მაგრამ, ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში, სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები, არა მხოლოდ მისი ფსიქიკური არასტაბილურობის, არამედ გარედან ინსტრუქციებისა და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო. ჩვენს ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წარიმართოს საჯარო სასამართლო პროცესი ჩვენი საზოგადოებისთვის, რათა ჩვენმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა ეს მოღალატეობრივი დანაშაული, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ" - უბრალოდ, შეეცადეთ გაიხსენოთ ეს სიტყვები, როდესაც ჩემი დასავლელი კოლეგები, მოგვიანებით ამ ტრიბუნასთან მოვლენ და მოგატყუებენ იმის შესახებ, თუ რა მოხდა", - განაცხადა დმიტრი პოლიანსკიმ.

***

13 ივლისს ქართულმა ოცნებამ აგვისტოს ომთან დაკავშირებით ვრცელი განცხადება გამოაქვეყნდა, რომელიც კრემლის პროპაგანდისტულ რიტორიკას ავითარებს და ომის დაწყებაში ქართულ მხარეს, კერძოდ კი საქართველოს მაშინდელ ხელმძღვანელობას ადანაშაულებს. 

"ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი. თუმცა, ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო. გვაქვს მოცემულობა, როდესაც არსებობს ყოფილი ხელისუფლება, რომელსაც აღიარებული აქვს 2008 წლის ომის დაწყება", - წერია განცხადებაში. 


close დახურვა