logo
ENG



გაეროში რუსეთის წარმომადგენელი: საქართველოს მთავრობამ აღიარა სააკაშვილის შეცდომა 2008 წელს

16 აგვ 202216:11
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/16/te9pz52hcls4wdz.jpg

გაერო-ში რუსეთის ელჩის პირველი მოადგილე დიმიტრი პოლიანსკი ამბობს, რომ "საქართველოს მოქმედმა ლიდერებმა აღიარეს უგუნური შეცდომა, რომელიც სააკაშვილმა [2008 წელს] დაუშვა".

ამის შესახებ მან გაეროს უშიშროების საბჭოს დახურული სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომელზეც 2008 წლის აგვისტოს ომი და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია განიხილეს.

"ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა გადაწყვიტეს ვიმსჯელოთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე, რაც ძალიან უცნაურია. საუბარია არა შტატ ჯორჯიაზე, არამედ ქვეყანაზე კავკასიაში. კავკასიაში ძალიან სტაბილური ვითარებაა, სწორედ ამიტომ არ გვაქვს მიზეზი, რომ ეს საკითხი წამოგვეწია. საქართველოს რომ დავუბრუნდეთ, მას შემდეგ რაც მათ წამოწიეს საკითხი და გაააქტიურეს, მე შემიძლია გითხრათ, რომ 2008 წლის აგვისტოში, როგორც თქვენ იცით, ადგილი ჰქონდა დიდ პროვოკაციას სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან, რომელიც დასრულდა საქართველოსთვის უზარმაზარი პრობლემით და ჩამოყალიბდა ორი დამოუკიდებელი რესპუბლიკა. მას შემდეგ რეჟიმი შეიცვალა და საქართველოს მოქმედმა ლიდერებმა შეაფასეს მოვლენები, მათ აღიარეს ეს უგუნური შეცდომა, რომელიც დაუშვა სააკაშვილმა. მათ ასევე კარგად იციან ამ სიტუაციაში გარე ძალების როლი. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში მხოლოდ ის შეიცვალა, რომ დასავლურმა სახელმწიფოებმა დაბლოკეს ჟენევის მოლაპარაკებები, რომელშიც საქართველო, რუსეთი და ორი დამოუკიდებელი რესპუბლიკა მონაწილეობდა. ეს არ ყოფილა ჩვენი არჩევანი, ეს არ დაეხმარება ვითარების გაუმჯობესებას", - ამბობს პოლიანსკი. 

დღეს 16 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭოს დახურული სხდომა გაიმართა, რომელზეც 2008 წლის ომი და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაც განიხილეს. 

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის საქართველოში რუსეთის ომი და ოკუპაციის საკითხი ბოლო მომენტში დაემატა, რამაც რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობაში გაურკვევლობა და უკმაყოფილება გამოიწვია.


close დახურვა