8 მარტის შეთანხმება კვლავ შეუსრულებელია და გიორგი რურუა ისევ საპატიმროშია, პარლამენტში კი საკონსტიტუციო ცვლილების განხილვის პარარელურად, საკანონმდებლო ორგანოს წინ გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება.
პარლამენტის უკანა შესასვლელთან რურუას მხარდამჭერები ცოტა ხნის წინშეიკრიბნენ. ისინი 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
„ჩვენი აუცილებელი მოთხოვნაა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გათავისუფლდეს დაუყივნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და ჩვენ ვაანონსებთ რომ დავიწყებთ პერმანენტულ აქციებს“,-აცხადებს ლევან მერაბაშვილი.
აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ „მრავარი არხის“ მეწილე, გიორგი რურუა პოლიტპატიმარია და მათი თქმით, იმისთვის რომ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ.
„ჩვენ მოვითხოვთ შეთანხმების შესრულებას, გიორგი რურუას გათავისუფლებას და არჩევნების სამართლიანად ჩატარებას. არჩევნები რომ სამართლიანად ჩატარდეს ერთ-ერთი პირობა, რომელიც დაიდო და რომელსაც უკვე მთელი მსოფლიო აღიარებს, ეს არის პოლიტპატიმარი გიორგი რურუას გათავისუფლება. აქციებიც გაგრძელდება და უფრო სხვა ქმედებებიც იქნება, რაც საჭირო იქნება, იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს, რომ საქართველოს ჰყავს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა და უამრავი პოლიტპატიმარი, მაგრამ ამ შემთხვევაში გიორგი რურუაზეა ლაპარაკი“,- აცხადებს მამუკა გუგეშაშვილი.
აქცია პარლამენტის უკანა შესასვლელთან იმართება და მას რამდენიმე ორგანიზაცია უერთდება, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აქციას უერთდებიან "ამერიკის მხარდამჭერი ლიგა" და "დაიცავი არჩევანის" წევრები.
შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით ედავებიან, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს. რურუა წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მას იარაღი სამართალდამცველებმა ჩაუდეს.