ახალი პროტოკოლი ამოქმედდა ქვეყანაში და გაიზარდა იმ პირთა წრე, ვისაც დიაგნოსტიკა კორონავირუსზე ჩაუტარდება. შესაბამისი რაოდენობის ტესტებით კი ჯერჯერობით კლინიკები აღჭურვილი არ არის. კოვიდ-19 ზე შემოწმებისათვის სამოგზაურო ისტორია ერთადერთი წინაპირობა აღარ იქნება, - ეს ალგორითმი კი ჯერ კიდევ მარნეულის ინციდენტის შემდეგ უნდა შეცვლილიყო.
სპეციალისტები და პოლიტიკური პარტიები ხელისუფლებას დაგვიანებულ რეაგირებაში ადანაშაულებენ. მათთვის ასევე გაუგებარია, საკოორდინაციო საბჭოს კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კლინიკებში ადგილების ამოწურვის შემდეგ ინფიცირებულების მკურნალობა ბინაზე მოხდება. ამ ფონზე უპასუხო დატოვა დღეს მთავრობამ კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენი პაციენტის მიღება შეუძლია სამედიცინო დაწესებულებებს ჯამში.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ დააგვიანა და ალგორითმის ცვლილება მარნეულის ინციდენტის შემდეგ უნდა მომხდარიყო. 23 მარტს, როდესაც შიდა გავრცელების საფრთხე პირველად გამოჩნდა. მას შემდეგ 9 დღე გავიდა. რაც შეეხება ტესტებს, ამ ეტაპზე ქვეყანაში 4000 ანტისხეულზე და 2000 ანტიგენზე დაფუძნებული ტესტია. ოპოზიცია ამბობს , რომ ახალი ალგორითმისთვის ეს საკმარისი არ არის. გიორგი ვაშაძე ერთ-ერთი პირველი იყო,ვინც ხელისუფლებას სწრაფი ტესტის შეძენა შესთავაზა - დღეს ამბობს რომ რეაგირება აქაც დაგვიანებულია.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ალგორითმის ცვლილება მხოლოდ ექსპერტთა დასკვნის საფუძველზე ხდება და ის ინფიცირების შემთხვევების გაზრდაზე დამოკიდებული არ არის. რაც შეეხება გეგმას, საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა რომ კლინიკებში ადგილების ამოწურვის შემდეგ ინფიცირებულების მკურნალობა ბინაზე მოხდება. მათზე დაკვირვებას მედიკოსები განახორციელებენ.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს მეთოდი მსოფლიოში აპრობირებულია. დაავადება 80 პროცენტში მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. ამიტომ ყველა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია აუცილებელი არ არის, განსაკუთრებით მწირი რესურსის შემთხვევაში.
რამდენი პაციენტის მიღება შეუძლია სამედიცინო კლინიკებს - საკოორდინაციო საბჭოს დღეს არ დაუკონკრეტებია. თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ საჭირო ეკიპირება და აუცილებელი ინფრასტრუქტურა უკვე შეძენილია. თუმცა პატარა, რეგიონული კლინიკების აღჭურვისთვის მუშაობა ისევ მიმდინარეობს.