logo
ENG



გაიხსნა გაზსადენი Baltic Pipe, რომლითაც გაზი ნორვეგიიდან დანიის გავლით პოლონეთში ჩავა

28 სექ 202211:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/28/9utzzqioj5qr0uh.jpg
Chancellery of the Prime Minister of Poland

ევროკომისიის ცნობით, 27 სექტემბერს, პოლონეთის ქალაქ გოლენიოვში ბალტიის გაზსადენი Baltic Pipe გაიხსნა, რომლითაც ბუნებრივი აირი ნორვეგიიდან დანიის გავლით პოლონეთსა და მეზობელ ქვეყნებში ჩავა.

კომისიის თქმით, Baltic Pipe-ით ყოველწლიურად ნორვეგიიდან პოლონეთში 10 მლრდ კუბური მეტრი გაზის მიწოდება იქნება შესაძლებელი, პოლონეთიდან დანიაში კი 3 მლრდ კუბური მეტრის.

ევროკომისიის ცნობით, გაზსადენი მუშაობას 2022 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყებს. დანიის კომპანია Energinet-მა განაცხადა, რომ გაზსადენი სრული მოცულობით მუშაობას დაანონსებული პირველი იანვრის ნაცვლად, უფრო ადრე, ნოემბრის ბოლოდან დაიწყებს.

პროექტის განხორციელებას მხარი ტრანსევროპულმა ენერგოქსელმა დაუჭირა. მისი მიზანი ცენტრალურ ევროპასა და ბალტიის ქვეყნებში გაზის მიმწოდებლების დივერსიფიკაცია და ჩრდილოეთის ზღვიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე ენერგორესურსების ახალი გზის შექმნაა.

Baltic Pipe-ის შექმნის იდეა 2013 წელს გაჩნდა და საერთო ჯამში, მის მშენებლობაზე დაახლოებით 267 მილიონი ევრო დაიხარჯა.

ევროკავშირის ენერგოკომისარმა კადრი სიმსონმა პოლონეთსა და დანიას ამ ევროკავშირის ინფრასტრუქტურისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება მიულოცა და განაცხადა, რომ გაზსადენი ევროკავშირის დივერსიფიკაციის პოლიტიკის შედეგია და შექმნილ ენერგოკრიზისს შეამსუბუქებს.

„Baltic Pipe არის გადამწყვეტი მნიშვნელობის პროექტი რეგიონში [გაზის] მიწოდების უსაფრთხოებისთვის და ევროკავშირის მხრიდან ბუნებრივი აირის დივერსიფიკაციისკენ მიმართული პოლიტიკის შედეგი. გაზსადენი ითამაშებს მნიშვნელოვან როლს არსებული ენერგოკრიზისის შემსუბუქებაში“ - განაცხადა ენერგოკომისარმა კადრი სიმსონმა.

ნორვეგიული გაზის მიმწოდებელი კომპანია Equinor-ის ცნობით, პოლონურ კომპანია PGNiG-თან ბუნებრივი აირის მიყიდვის 10-წლიანი შეთანხმება ძალაში 23 სექტემბრიდან შევიდა.

პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ გაზსადენის გახსნისას განაცხადა, რომ „ამიერიდან ბალტიის გაზსადენი თავისუფლების, სუვერენულობის, უსაფრთხოებისა და მშვიდობის გაზსადენია“.

მორავიეცკის ცნობით, მიუხედავად პროექტის სირთულისა პოლონეთმა მისი დასრულება დროულად და ეფექტურად, ბიუჯეტის ფარგლებში შეძლო. მისი თქმით, ეს ერთობლივი მუშაობის შედეგია.

„უსაფრთხოება თანამშრომლობით იქმნება. ჩვენ ვაჩვენებთ სამყაროს, რომ თანამშრომლობითა და სოლიდარობით, ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისა და ენერგოსუვერენულობის გაზრდა შესაძლებელია. Baltic Pipe არის იმის საპირისპირო, რაც პუტინის ომის გეგმას ემსახურებოდა. ეს არის ჩრდილოეთის ნაკადი 1 და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენების საპირისპირო.“ - განაცხადა მორავიეცკიმ.

მას შემდეგ, რაც აპრილში პოლონეთმა რუსული გაზისთვის რუბლებში გადახდაზე უარი თქვა, რუსეთმა მას გაზის მიწოდება შეუწყვიტა.

რუსეთიდან გაზის შეწყვეტის შემდეგ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ ქვეყანას გაზის საკმარისი რეზერვები და ალტერნატიული გზები აქვს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კი განაცხადა, რომ გაზპრომის გადაწყვეტილება ევროპისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ, იყო „რუსეთის მხრიდან გაზის შანტაჟის ინსტრუმენტად გამოყენების მორიგი მცდელობა“.

 

close დახურვა