logo
ENG



გალერი დახმარების შეჩერებაზე: შეგვიძლია, უმრავლესობით მივიღოთ ასეთი განცხადება

02 აპრ 202118:19
3 წუთის საკითხავი
clock 1017
2021/04/02/3a2gm5mjvcn0w34.png

ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დაფინანსების შესაძლო შეჩერებაზე ამბობს, რომ ეს ძალიან სერიოზული საკითხია და ევროპარლამენტს შეუძლია, ასეთი განცხადება უმრავლესობით მიიღოს. დახმარების შესაძლო შეჩერებაზე ქართული ოცნების ლიდერები დილიდან ამბობენ, რომ ეს "რამდენიმე დეპუტატის მოსაზრებაა".

გალერი ფორმულას გადაცემა კომენტარში ამბობს, რომ ამ საკითხზე ფრაქციებს შორის სრული კონსენსუსია.

"ბუნებრივია, შეიძლება გაიმარტივო ცხოვრება და ასე შეაფასო, მაგრამ ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი, შვიდმა ევროპარლამენტმა მოაწერა ხელი, რომლებიც არიან ძალიან ინტენსიურად საქართველოს საკითხით დაკავებული და უნდათ, საქართველოს დემოკრატიული განვითარება, სტაბილიზაცია, ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით საქართველოს წინსვლა და ჩვენი ფრაქციებიც და პლენუმიც აქტიურად იყო ამაში ჩართული.

ბუნებრივია, ჩვენ შეგვიძლია, ევროპარლამენტის უმრავლესობით მივიღოთ ასეთი განცხადება. მინდა განგიმარტოთ, რომ ფართო კონსენსუსია სოციალ-დემოკრატების, მწვანეების, ლიბერალების, კონსერვატორების და მრავალი სხვა ფრაქციისა, რომლებიც თანხმდებიან საქართველოს საკითხზე. ჩვენ გვინდა, ხელი შევუწყოთ და მხარი დავუჭიროთ კრისტიან დანიელსონისა და კარლ ჰარცელის მცდელობებს, რომ საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა მიაღწიონ შეთანხმებას, რომ მათ ადეკვატურად გასცენ პასუხი მათ პასუხისმგებლობას, მის ხარისხს. მე კარგად ვაცნობიერებ, თუ როგორია საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა და ნებისმიერ მათგანს თავად უნდა წილი ძალაუფლებისა და ევროპაში არავის აქვს ცალკე აღებულ პოლიტიკურ პარტიას რომელიმე ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობის ფუფუნება.

ჩვენ უნდა განვუმარტოთ ჩვენს გადასახადის გადამხდელებსა და ამომრჩევლებს, რომ ფინანსური დახმარება ღირს საქართველოსთვის, ამის გამოყოფა ღირს და აღმოსავლეთ ევროპული პარტნიორობა უნდა გაგრძელდეს და პოზიტიური კურსის მხარდაჭერა აუცილებელია, მაგრამ გვექმნება შთაბეჭდილება, რომ გაჩნდა ისეთი რეფლექსები, თითქოს ქართული პოლიტიკური სპექტრის აქტორები არ ჯდებიან ევროკავშირის ღირებულებებში იმისთვის, რათა მივიდნენ 2024 წლამდე, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას უნდა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა, ძალიან რთულია მანამდე ჩვენი გადასახადის გადამხდელებისთვის განმარტება იმის, რატომ ვაგრძელებთ საქართველოს ფინანსურ მხარდაჭერას. ბევრი რამ დაიბლოკა, ეს არ არის სასურველი წერტილი, საქართველო ამ წუთას იყინება, ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ჰქონდეს მეტი წინსვლა", - თქვა გალერიმ. [სინქრონული თარგმანი]

საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ამის გამო ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს.

მათი განცხადებით, ორივე, მმართველი და მთავარი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში, პასუხისმგებლები არიან ამ შედეგზე, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი სახელისუფლებო პარტიას ეკისრება.

განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტარები: დევიდ მაკალისტერი (EPP), მარინა კალიურანდი (S&D), ანდრიუს კუბილიუსი (EPP), ვიოლა ფონ კრამონი (GREENS), სვენ მიქსერი (S&D), მიხაელ გალერი (EPP) და პეტრას აუსტრევიჩუსი (RENEW).


close დახურვა