logo
ENG



გამოფენის კურატორი: მუზეუმის დაცვის თანამშრომელი გაათავისუფლეს, სხვებს გაფრთხილება დაუწერეს

12 თებ 202317:33
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/12/fpqttraouihnci9.png

გამოფენის კურატორი ქეთი შავგულიძე ამბობს, რომ მხატვარ სანდრო სულაბერიძის მიერ მისი ნახატის ჩამოხსნისა და კედელზე გაკეთებული წარწერის გამო, ხელოვნების მუზეუმის დაცვის თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ხოლო იმ თანამშრომლებს, რომლებიც სივრცეს მეთვალყურეობას უწევენ, გაფრთხილება დაუწერეს.

როგორც შავგულიძე Facebook-ზე წერს, მას იმედი აქვს, რომ საზოგადოება "გულთან ახლოს მიიტანს მათ მდგომარეობას და ისევე, როგორც მხატვარს, მათაც გამოუცხადებს სოლიდარობას". მისივე თქმით, ხელოვანის გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი შენაძენია.

შავგულიძე გმობს მხატვრის ქმედების სამართლებრივ კონტექსტში განხილვას და მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

"4 თებერვალს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა, ჩემს მიერ კურირებული გამოფენა "ავტოპორტრეტი სარკესთან" (წარმდგენ კულტურის ცენტრი „ათინათი“). 52 მხატვარი, აქედან მონაწილეთა ნახევარი ქალები და ქვიარ თემის წარმომადგენლები. ამბავი მეებისა, თაობებისა, გენდერისა, გამოცდილებებისა და მსოფლმხედველობებისა... ისეთი მნიშვნელოვანი ავანგარდისტების გვერდით, როგორც დავით კაკაბაძე, დიმიტრი შევარდნაძე, შალვა ქიქოძე, ელენე ახვლედიანი, ირაკლი გამრეკელი, ზიგმუნტ ვალიშევსკი, ირინა შტენბერგი და 70-90-იანი წლების გამორჩეული ნონკონფორმისტი ხელოვანებია, წარმოდგენილი იყო უცხოეთში მცხოვრები ქართველების ნამუშევრები და ახალგაზრდა მხატვრების ავტოპორტრეტები, რაც ჩემი პრიორიტეტია ყველგან და ყოველთვის - გზა გავუხსნა მათ, გავუზიარო ცოდნა, მივცე თვითრეალიზების, დამკვიდრების შესაძლებლობა და შევქმნა კონტექსტი, სადაც ისინი საკუთარი თავის პოვნას და წარმოჩენას შეძლებენ.

გახსნაზე სანდრო სულაბერიძის მიერ კედელზე დაწერილ ტექსტზე და ჩამოხსნილ ნამუშევარზე პოლიციამ დაიწყო საქმის ძიება, რომელიც შემდეგ გავიგე, რომ გალერეის ხელმძღვანელობამ გამოიძახა, იმ ნამუშევარზე, რომელიც მე და წარმდგენმა ორგანიზაციამ საგამოფენო დადგენილი წესით, მიღება-ჩაბარების აქტით, ისევე როგორც სხვა მხატვრების ნამუშევრები, გადავეცით ეროვნულ გალერეას დროებით მფლობელობაში. გალერეა, როგორც მასპინძელი ორგანიზაცია პასუხისმგებელია მათ მოვლა პატრონობაზე და შენახვაზე გამოფენის დასრულებამდე.

როგორც ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, რომელსაც მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში და თავად ვასწავლი აქციონიზმის ისტორიას, ვთვლი, რომ ხელოვანის გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი შენაძენია. კატეგორიულად ვგმობ მხატვრის ქმედების ისეთ სამართლებრივ კონტექსტში განხილვას, რომელიც გუშინ გახდა ცნობილი და მოვუწოდებ ყველას, ვისაც აქვს შესაძლებლობა ამ მოვლენებზე ზემოქმედების, გადაკვალიფიცირდეს მუხლი, რომელსაც ჩემი ინფორმაციით უკვე განიხილავენ და იმედს ვიტოვებ რომ ეს ასეც იქნება.

ჩემთვის, როგორც პირველ რიგში ლექტორისთვის, რომელიც აქციონიზმის ისტორიასა და ინსტიტუციური კრიტიკის მაგალითებს საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ ლექციებზე, მნიშვნელოვანია ყველა მოვლენის საგანმანათლებლო მხარე. ამ გამოფენაზე დაგეგმილი მქონდა საუბრების სერია, მაგრამ ახლა მთავარია გაკვეთილი მომავალი აქციების ავტორებისთვის, როგორ უნდა დაიგეგმოს ან თუნდაც წარიმართოს იმპროვიზებული აქცია, რომ პოლიციის წინაშე არავის მოუწიოს პასუხისმგებლობა. ამ შემთხვევაში სამწუხაროა, რომ მუზეუმის თანამშრომლებმა შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი და პასუხისმგებლობა დაეკისრათ, როგორც ქალებს რომლებიც სივრცეს უწევენ მეთვალყურეობას, ასევე დაცვის თანამშრომლებს. მათ მიიღეს გაფრთხილება, ხოლო დაცვის თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. იმედი მაქვს, საზოგადოება გულთან ახლოს მიიტანს მათ მდგომარეობას და ისევე, როგორც მხატვარს, მათაც გამოუცხადებს სოლიდარობას. მეორეს მხრივ კი, სანდრო გაიაზრებს პასუხისმგებლობას ამ ადამიანების წინაშე. მომავალ აქციონერებს კი მოვუწოდებ, რომ თავად დარჩნენ აქციის ადგილზე თუ ებრძვით სისტემას, ეცადეთ რომ ამ სისტემას არ ემსხვერპლონ ადამიანები. დავიცვათ და პატივი ვცეთ ადამიანის უფლებებს, სხვებს ნუ ჩავაბამთ პროცესში მათგან მიღებული თანხმობის გარეშე. ვთვლი რომ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ფუნქცია შეიძინა ამ გამოფენამ და წარმოაჩინა ის შეცდომები, რომელიც მომავალში გათვალისწინებული იქნება, რათა უფრო ღრმა და ძლიერი იყოს მხატვრების ხმა.

მე კი, როგორც გამოფენის კურატორი, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცოდი ამ აქციის შესახებ (არავის შეხსენება არ მჭირდება და თუ მოვისურვებ თავად დავგეგმავ აქციებს, როგორც არაერთხელ გამიკეთებია, გამიპროტესტებია, სოლიდარობა გამომიჩენია...), მაინც ვიღებ პასუხისმგებლობას მხატვრის აქციაზე და თანახმა ვარ პასუხი ვაგო მის, ისევე როგორც ყველა იმ მხატვრის გადაწყვეტილებაზე, რომელიც მე შევარჩიე ამ გამოფენისთვის. ამ მხატვრების ასეთ მასშტაბური გამოფენის კონტექსტში წარმოდგენა ჩემი ერთწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად გახდა შესაძლებელი. როგორც გამოფენის კურატორი და ხელოვნების ისტორიკოსი, მიუღებლად მივიჩნევ ამ სამართლებრივ კონტექსტს და კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ არ მიიღოთ ასეთი ზომები მხატვრის აქციის საპასუხოდ. იმედს ვიტოვებ, სანდრო გამოჩნდება და თავადაც გააკეთებს განცხადებას, რომელსაც სხვებთან ერთად, მეც ველოდები.

ვისურვებდი მესაუბრა საოცარ ქალებზე ჩემი გამოფენიდან, ქვიარ არტისტებზე, რომლებიც ყველაზე საინტერესოდ იკვლევენ საკუთარ თავს, იმ ხიდზე რომელიც წარსულსა და ახალგაზრდებს შორის არსებობს; იმ საოცარ ხალხზე, თაობაზე ძველი მხატვრებისა, რომლებიც მაგალითი არიან თუ როგორი უნდა იყოს ხელოვანი და ადამიანი. მათ შექმნეს ფუნდამენტი, რომლის გარეშეც დღეს არ იქნებოდა არც ქართული თანამედროვე ხელოვნება და არც ეს უნიკალური სივრცე, რომელიც დიმიტრი შევარდნაძემ რუსეთის სამხედრო-ისტორიული მუზეუმის სანაცვლოდ გახსნა. ასეთი ადამიანები ქმნიან ისტორიას. ეს უმნიშვნელოვანესი კულტურული სივრცე არ ეკუთვნოდა და ეკუთვნის არც ერთ ხელისუფლებას, ეს არის ყველა მხატვრისთვის საამაყო სივრცე იმ ღირებულებებით, რომლებიც მისმა დამფუძნებლებმა მიანიჭეს, რომლებიც დღესაც ამ გამოფენაზე არიან წარმოდგენილნი. სწორედ ასეთ შემოქმედებით ძალას ვუსურვებ ახალგაზრდებს.

გამოფენა შედგა. ის არის მართლაც ავტოპორტრეტი სარკესთან, ჩვენი ავტოპორტრეტი, როგორც კონცეფციაში დავწერე - „შესაძლებლობა თვალი გავადევნოთ საუკუნოვან პროცესს, თუ როგორ ირეკლება ავტორი სამყაროში და პირიქით - გარემო მის გამოსახულებაში“. მინდა გაითვალისწინოთ, რომ მე მაქვს ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, როგორც დონორი ორგანიზაციის, გალერეის, ასევე გამოფენაში ჩართული სხვადასხვა მოსაზრების მხატვრების წინაშე, ისევე როგორც სამუზეუმო ფონდიდან წამოღებულ უნიკალურ ნიმუშებზე, ამიტომ გადაწყვეტილებას გამოფენის შესახებ ხელაღებით ვერ მივიღებ.

ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები სიმართლის, ღირსების, თავისუფლების, პასუხისმგებლობის, შემოქმედების და ევროპული ღირებულებების მხარეს", - წერს გამოფენის კურტორი.

***

4 იანვარს ხელოვანმა სანდრო სულაბერიძემ კედელზე ნამუშევრის ნაცვლად დატოვა წარწერა: "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!". მოგვიანებით გამოფენის კურატორი ქეთი შავგულიძე კედელზე გაკეთებული წარწერის გამო პოლიციაში გამოკითხეს. შავგულიძემ ფორმულასთან თქვა, რომ პოლიციაში კითხვები ჰქონდათ წარწერაზე, ასევე, მისი და სულაბერიძის ურთიერთობაზე.

5 თებერვალს განცხადება გაავრცელა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმმა, რომელშიც წერია, რომ "გალერეის დაზიანების შედეგები აღმოფხვრილია".

"გამოფენის გახსნისას, გამოფენის ერთ-ერთმა მონაწილე მხატვარმა, სანდრო სულაბერიძემ, გამოფენაში მონაწილეობა გადაიფიქრა (კედლიდან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა) და შესასხურებელი საღებავით წარწერა გააკეთა, რითაც დააზიანა ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცის კედელი", - წერია განცხადებაში. 

სულაბერიძის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე. 

11 თებერვალს პენცენტრმა გაავრცელა განცხადება, როლითაც სულაბერიძის წინააღმდეგ აღძრული საქმის შეწყვეტა და წულუკიანის გადადგომა მოითხოვა. 


close დახურვა