საეჭვო ტენდერები, რომლებშიც მილიონები დაიხარჯა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" პროკურატურასა და უსაფრთხოების სამსახურს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს. საუბარია თბილისის მერიის მიერ საახალწლო ღონისძიებებზე დახარჯულ თითქმის 7 მილიონ ლარზე, საიდანაც დიდი ნაწილი ტენდერების გარეშე, პირდაპირი შესყიდვის გზით დაიხარჯა.
არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოავლინა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მომსახურება ახლადდაარსებული კომპანიებისგან იყიდეს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სატენდერო პირობები, კონკრეტულ იტალიურ კომპანიაზე იყო მორგებული. აღნიშნულზე განცხადებები ოპოზიციაშიც გააკეთეს. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ გამოძიების დაწყება აუცილებელია. თუმცა ამის მოლოდინი ნაკლებად აქვთ.
"ყველა ამ შემთხვევაზე გამოძიება უნდა დაიწყოს, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში ეს არის გამორიცხული, რადგან ერთმანეთს აფარებენ ხელს. ეს ყველა საქმე თავის დროზე გამოძიებული იქნება", - აცხადებს სერგი კაპანაძე.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მსგავსი ფაქტები ქვეყნის ორ მთავარ პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას. დღევანდელი ვითარება თავისუფლად იძლევა კორუფციის კიდევ უფრო მეტად განვითარების პერსპექტივას.
"აქ არის ორი პრობლემა - ერთი, რომ კორუფციამ დიდი მასშტაბი მიიღო და მეორე, სამართალდამცავი ორგანოები საერთოდ არ რეაგირებენ, მათ შორის არ პასუხობენ საზოგადოების კითხვებს. აღნიშნული მაღალჩინოსნებს კიდევ უფრო მეტად აძლევს საშუალებს, ეს ყველაფერი საკუთარ თავზე მორიგონ", - აცხადებს საბა ბუაძე.