დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ ამის საჭიროება ქვეყანაში ჯერჯერობით არ არის.
გამყრელიძის თქმით, ეს ხელისუფლების გადასაწყვეტია, თუმცა ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებელია ყველა სფერო და დარგი.
"საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება უმაღლესი ხელისუფლების პრეროგატივაა. დღეში ორჯერ საკოოროდინაციო საბჭო იკრიბება და იქ მიმდინარეობს მსჯელობა-ანალიზი ყოველი სექტორის. რა თქმა უნდა ჯანდაცვის სექტორი წამყვანია და მისი როლი კიდევ უფრო გაიზრდება, როდესაც შემთხვევათა რაოდენობა მოიმატებს, მაგრამ მთელი ქვეყნის პასუხისმგებლობაა ზოგადად ეს, ყველა სექტორს ეხება. ახლა ყოველდღიურად ქვეყანა ამკაცრებს ზომებს. თავიდან ფრენები კონკრეტულ ქვეყნებში აიკრძალა, რასაც მოგვიანებით კიდევ დაემატა რამდენიმე. 30 შემთხვევა არაა საფუძველი საგანგებო მდგომარეობის გატარების",-აღნიშნა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საკმაოდ რთული პროცესია, თუმცა საბჭო ამ თემაზეც მსჯელობს.
"არც ისე მარტივია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ქოლერას დროს იყო გამოცხადებული და მაშინაც მხოლოდ თბილისი ჩაიკეტა. ეს საკითხი განხილვის საგანია. ასეთ დროს მუშაობს მკაცრი ვერტიკალი და იზღუდბა ადამიანის უფლებები. მყარდება კონტროლი ყველა მიმართულებაზე და ძლიერდება ძალოვანი სტრუქტურებიც",-აცხადებს გამყრელიძე.