logo
ENG



გამყრელიძე: ამ ტემპით წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% ვერ აიცრება

04 მაი 202118:42
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: ამ ტემპით წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% ვერ აიცრება
საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ აცრის ამ ტემპით ხელისუფლება წლის ბოლოსთვის ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის აცრას ვერ შეძლებს. 

გამყრელიძემ პალიტრის ეთერში თქვა, რომ ხელისუფლების მიერ დასახული გეგმის მისაღწევად მაისის თვეში დღეში 3000-4000 ადამიანი უნდა იცრებოდეს, ივლისის თვისთვის კი ამ მაჩვენებელმა 12 ათასს უნდა მიაღწიოს.

თუმცა, გამყრელიძე პასუხისმგებლობას მაინც მოქალაქეებს აკისრებს. 

"მთავრობა ვერ გავა ამ პროცენტზე, საზოგადოება უნდა გავიდეს, ამიტომ ჩვენ ერთმანეთს უნდა ჩავუნერგოთ, რომ ამ ძალიან დიდი გამოწვევის, ამ „ჭირის“ დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი ვაქცინაციით. თუ მოსახლეობის 60-70% იქნება ვაქცინირებული, ამ ეპიდემიას ჩვენს ქვეყანაში წერტილი დაესმება, აღარ დაგვჭირდება გარე სივრცეებში პირბადე, დიდი დისტანციების დაცვა, შეგვეძლება ისევ შევიკრიბოთ მეგობრები და ა.შ. მივაღწევთ თუ არა 60%-ს? - უნდა მივაღწიოთ!

დღევანდელი ტემპით, როცა 1500-1700 ადამიანს დღეში ვცრით, რა თქმა უნდა, ეს არ გამოვა. ჩვენ ახლა მაისში უნდა ავცრათ 3000-4000, ივნისში ეს უნდა ავწიოთ 5000-6000-მდე და შემდეგ, ივლისიდან 10000-12000-მდე დღეში, მაშინ გავალთ დეკემბრის ბოლოს სამიზნე მაჩვენებელზე.

ამავე დროს, რა თქმა უნდა, იცით, როგორი დეფიციტია მსოფლიოში ვაქცინების. წარმოებები სულ უფრო „იქოქება“, სულ უფრო მეტი ვაქცინის წარმოება ხდება და დარწმუნებული ვარ, ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა სულ უფრო გაიზრდება,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ ასევე თქვა, რომ დღეს საქართველოში 45 ათასი ადამიანია აცრილი, მათგან ვაქცინის 2 დოზა 6 ათას ადამიანს აქვს გაკეთებული.  

ქვეყანაში ამ ეტაპზე სამი სახის ვაქცინაა ხელმისაწვდომი - ფაიზერიასტრაზენეკა და ჩინური სინოფარმი, რომელსაც ჯერჯერობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს.

საქართველოში 18-დან 55 წლამდე მოქალაქეებს აცრა მხოლოდ სინოფარმით შეუძლიათ. 

 

close დახურვა