logo
ENG



WHO-ს ექსპერტთა ჯგუფი: სინოფარმი 78.1%-ით ეფექტიანია

03 მაი 202118:10
3 წუთის საკითხავი
clock 3673
WHO-ს ექსპერტთა ჯგუფი: სინოფარმი 78.1%-ით ეფექტიანია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა სტრატეგიული მრჩეველთა ჯგუფი სინოფარმის შესახებ რეკომენდაციებს აქვეყნებს, რომლითაც გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს მიმართავს. 

გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, ვაქცინის ეფექტიანობა, მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგების მიხედვით, 78.1%-ია. 

რაც შეეხება კონკრეტულ ქვეყანას - მაგალითად, ბაჰრეინში ვაქცინის ეფექტიანობა 18-დან 60 წლამდე ადამიანებს შორის 90%-ია. 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შორის - 91%. 

WHO ამბობს, რომ ვაქცინის უსაფრთხოების კვლევაში 16 671 ადამიანი მონაწილეობდა. 

კვლევის შედეგად: 

არ გამოვლენილა საფრთხის შემცველი გვერდითი მოვლენები.

არ ყოფილა ანაფილაქსიის არც ერთი შემთხვევა.  

ძირითადი გვერდითი მოვლენები იყო ტკივილი ინექციის გაკეთების ადგილას, თავის ტკივილი და დაღლილობა. 

კვლევის მესამე ფაზაზე ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მას პლაცებო ჰქონდა მიღებული. ასევე, კვლევის მესამე ფაზაზე ერთ ადამიანს გამოუვლინდა თრომბი. 

სავარაუდოდ, გულისრევის 1 და მწვავე დისემინირებული ენცეფალომიელიტის 1 შემთხვევა დაკავშირებულია ვაქცინასთან.  

თუმცა, დასკვნით ნაწილში ნათქვამია, რომ ექსპერტები ერთადერთ რამეში არიან დარწმუნებულები მტკიცების მაღალი დონით: ვაქცინა ინფიცირებულ მოქალაქეებს დაიცავს დაავადების განვითარებისგან. 

ექსპერტების რწმუნების დონე დაბალია იმასთან დაკავშირებით, რომ სინოფარმი ეფექტიანია 60 წელს ზემოთ მოქალაქეებში.

დოკუმენტის მიხედვით, არ არსებობს მყარი და სარწმუნო მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინა არ გამოიწვევს სერიოზულ გვერდით მოვლენებს 60+ ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქეებში. 

არ არსებობს მყარი და სარწმუნო ინფორმაცია  იმაზე, რომ სინოფარმი დაიცავს ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციისგან. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სინოფარმის ავტორიზაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერაც არ მიუღია. 

საქართველოში 18-დან 55 წლამდე მოქალაქეებს აცრა მხოლოდ სინოფარმით შეუძლიათ. 


close დახურვა