logo
ENG



გამყრელიძე: დღეს ქვეყანაში ყველა სარეკლამო ბანერზე უპირველესი თემა უნდა იყოს ვაქცინაცია

21 სექ 202100:53
3 წუთის საკითხავი
clock 1481
გამყრელიძე: დღეს ქვეყანაში ყველა სარეკლამო ბანერზე უპირველესი თემა უნდა იყოს ვაქცინაცია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ვაქცინაციის ბანერების ჩანაცვლებაზე საუბრობს და ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში ყველა სარეკლამო ბანერზე უპირველესი თემა ვაქცინაცია უნდა იყოს.

ეს მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა და აღნიშნა, რომ ხელშეკრულებით ვაქცინციის მხარდამჭერი ბანერების განთავსების ვადა 31 დეკემბრამდე ჰქონდათ. 

"ხელშეკრულებას მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე ჰქონდა ვადა. იქ არის ხელშეკრულების ნიუანსები, ჩვენ რა პასუხისმგებლობას ვიღებდით და რა პასუხისმგებლობას იღებდა სარეკლამო კომპანია, მაგრამ გიდასტურებთ, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა წლის ბოლომდე იყო", - თქვა გამყრელიძემ. 

წამყვანის შეკითხვაზე, აპირებს თუ არა NCDC სამართლებრივ დავას, გამყრელიძემ თქვა, რომ იმედი აქვს, საქმე აქამდე არ მივა.

"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მივა იმ დავამდე, რომელიც შემდგომ სხვადასხვა ორგანოში უნდა გაირჩეს და ისინი დაჰყვებიან მთლიანად მოსახლეობის ნებას და მათ შორის, ჩვენს მიმართვას, რომ დიახ - ჩვენი სურვილია, დღეს ქვეყანაში ყველა სარეკლამო ბანერზე უპირველესი თემა უნდა იყოს ვაქცინაცია", - თქვა გამყრელიძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, ბანერების ჩანაცვლებისას ადგილი ჰქონდა თუ არა პოლიტიკურ ჩარევას, გამყრელიძემ თქვა: 

"პოლიტიკურ ნიუანსებში არასოდეს არ შევდივარ. ვცდილობ, რომ ყოველთვის გვერდი ავუარო პოლიტიკურ კითხვებს. მე არ ვიცი, რა იყო იქ ქვედინებები, მაგრამ ვაქცინაციის ბანერის პოლიტიკური თუ სხვა ტიპის ბანერით შეცვლა ნამდვილად არ წაადგება ქვეყანას", - თქვა გამყრელიძემ.

"არა ნაცებს", არა ბოროტებას, არა ღალატს", - ამ წარწერით წინასაარჩევნოდ ახალი ბანერები 17 სექტემბერს, გვიან ღამით გააკრეს. მათზე მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, ისევ სისხლის შხეფების ფონზე. 

წლევანდელ ბანერებს ახალი სახეები დაემატა, მათ შორის ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაა. 

ბანერზე გამოსახულია ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია, ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია და გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. 

დედაქალაქში ბანერები ვაქცინაციისაკენ მოწოდების ბანერებს გადააკრეს. 

კომპანია ალმა აცხადებს, რომ სარეკლამო ბანერის შინაარსთან შეხება არ აქვს და მათი როლი შემოიფარგლა მხოლოდ იმით, რომ დამკვეთისგან მიიღეს სარეკლამო ბანერი და ალმას კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე განათავსეს. 

20 სექტემბერს NCDC-მ კომპანია ალმას ოფიციალური წერილით მიმართა და სისხლიანი ბანერების ისევ ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერებით ჩანაცვლება მოთხოვა. 


close დახურვა