დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდ ინფიცირებულებს, რომლებიც საავადმყოფოებიდან სასტუმროებში გადაჰყავთ, არა მკურნალობა, არამედ სამედიცინო მეთვალყურეობა სჭირდებათ.
როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საკარინტო სივრცეებში სამედიცინო პერსონალი მუშაობს და საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის საავადმყოფოში დაბრუნება სწრაფად მოხდება.
"დღეს ბათუმში 18 მსუბუქი, უსიმპტომო პაციენტი საავადმყოფოდან უკვე გადაყვანილი იქნა სამკურნალო საკარანტინო სივრცეში. მათ, ვინც გადადიან საკარანტინო სივრცეში დაავადების მართვისთვის, მკურნალობა არ სჭირდებათ. ძირითადად სჭირდებათ სამედიცინო მეთვალყურეობა. იქ არის სამედიცინო პერსონალი, რომელიც სწრაფად მოახდენს მათ გადაყვანას სამედიცინო დაწესებულებაში, თუ ამის საჭიროება იქნება, მაგრამ იქ გადადის ადამიანების ისეთი კატეგორია, რომლებთანაც როგორც წესი, დიდი სამედიცინო ჩარევები საჭირო არ არის", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, დღეიდან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ნაწილს საკარანტინო სივრცეებში უმკურნალებენ. სასტუმროებში გადაიყვანენ 18-დან 65 წლამდე ასაკის პაციენტებს, რომლებსაც თანხმლები დაავადებები არ აქვთ.