უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში გლობალური შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება, მაგრამ იქნება წერტილოვანი აკრძალვები.
გამყრელიძის თქმით, წერტილოვანი შეზღუდვები იქნება თბილისშიც.
"როდესაც ვთქვათ, აგვიფეთქდა აჭარაში (ეპიდსიტუაცია) სწავლა დისტანციურზე გადავიდა, შიდატრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, რესტორნები ადრე დაიხურა და ეს გრძელდება. ამ ტიპის წერტილოვანი შეზღუდვები ქვეყანაში იქნება. არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის გლობალური შემზღუდველი ღონისძიებები, მაგრამ იქნება სხვადასხვა სახის წერტილოვანი შეზღუდვები, მათ შორის თბილისშიც", - განაცხადა გამყრელიძემ.
დღეს, 14 ოქტომბერს საქართველოში COVID-19-ის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 292.
საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 13521 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7159 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 109 კი გარდაიცვალა.