დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 800-900 საწოლი არის თავისუფალი. მისივე თქმით, კლინიკებში სპეციალიზებული საწოლებიც არის მობილიზებული, რომლებიც ისეთ პაციენტებს გამოადგებათ, ვისაც COVID-19-თან ერთად სხვა თანმხლები დაავადებებიც აქვთ.
"ყოველდღიურად ხდება ავადმყოფების გამოწერა, ამიტომ მე როგორც ქალბატონი მინისტრისგან მაქვს ინფორმაცია, დღეის მდგომარეობით, მთელ ქვეყანაში დაახლოებით სხვადასხვა პროფილის 800-900 საწოლია თავისუფალი. კოვიდ ავადმყოფები შეიძლება იყვნენ კიდევ სხვა თანმხლები დაავადებებითაც და შეიძლება მათ მოუწიოთ დიალიზის განყოფილებაში დაწოლა, ან ონკოლოგიური პაციენტი იყოს კოვიდთან ერთად. ამიტომ ამის სპეციალიზებული საწოლებიც არის მრავალპროფილიან ჰოსპიტლებში", - განაცხადა გამყრელიძემ.
20 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 328, ხოლო გარდაიცვალა 15 ადამიანი.
ჯამში, დარეგისტრირებულია 19 857 კოვიდინფიცირებული, გამოჯანმრთელდა 8666, გარდაიცვალა 158 ადამიანი.