დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პოლიტიკოსებს მოუწოდა, წინასაარჩევნოდ შეკრებები ღია სივრცეში ჩაატარონ და პირბადე გამოიყენონ.
საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ამირან გამყრელიძემ, პანდემიის პირობებში მთავარ რეკომენდაციებზე კიდევ ერთხელ ილაპარაკა.
"პირბადე, დისტანცია, ხელების დამუშავება, ეს არის გზავნილები, რომელიც მუდმივად უნდა იგზავნებოდეს მოსახლეობასთან და მოსახლეობა ამას უნდა მიყვებოდეს.
რაც მთავარია დიდი თავშეყრის, დიდი დღესასწაულების თავის არიდება. იმავეს მოვუწოდებ პოლიტიკოსებსაც. მოგეხსენებათ, პოლიტიკური პროცესია ქვეყანაში, წინასაარჩევნო პერიოდია და მოვუწოდებ პოლიტიკოსებსაც, რომ იყოს შეხვედრები გარე სივრცეში და იქაც იხმაროს ყველამ პირბადე, როგორც თვითონ პოლიტიკოსებმა, საზოგადოებამ, ვისაც ისინი ხვდებიან, რათა ქვეყანაში ვირუსის გავრცელების უფრო მეტი პრევენცია გავაკეთოთ", - განაცხადა გამყრელიძემ.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19 12 272 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 6 538 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 91 დაიღუპა.