logo
ENG



გამყრელიძე: სამწუხაროდ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება

30 მარ 202113:05
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: სამწუხაროდ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება.

როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში გაუარესებულია ყველა ის მაჩვენებელი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს.

"მხედველობაში მაქვს ინციდენტობა, 100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევები, 7, 14 დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი, რომელსაც ჰქონდა საკმაოდ კარგი დინამიკა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მცირედი, მაგრამ ტენდენცია გამოჩნდა გაუარესებისკენ. განსაკუთრებით დღეს, გვაქვს ახალი შემთხვევების რაოდენობა 673 და ქვეყანაში ჩატარებულია 31 ათასამდე ტესტი. ამ ფონზე 673 ძალიან საყურადღებო მაჩვენებელია", - თქვა გამყრელიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ თუ რეგულაციებზე კონტროლი არ გამკაცრდება, შეიძლება, სავალალო შედეგები დადგეს.

"აქედან გამომდინარე, თუ არ გამკაცრდა ზედამხედველობა და აღსრულებაზე კონტროლი ყველა იმ ღონისძიებებზე რაზეც ვსაუბრობთ, პირველ რიგში პირბადე, დისტანცია და განსაკუთრებით თავშეყრებისგან თავის არიდება, ამან შეიძლება მიგვიყვანოს სავალალო შედეგებამდე, განმეორდეს იგივე, რაც იყო ნოემბერ-დეკემბერში. ამიტომ ყველას გთხოვთ, მათ შორის ტელევიზიებს, მეტი ინფორმაცია მივცეთ მოსახლეობას, თუ რას ნიშნავს ეპიდსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები. ერთი მხრივ პრევენციული ღონისძიებების დაცვა და მეორე მხრივ გააქტიურება იმუნიზაციის პროცესის - სხვა გამოსავალი ეპიდემიასთან ბრძოლის არ არის", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

დღეს, 30 მარტს, ქვეყანაში კორონავირუსის 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 298 ადამიანი, 8 კი გარდაიცვალა. 

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, საქართველოში ორი ტიპის ვაქცინაა ხელმისაწვდომი - ფაიზერი და ასტრაზენეკა. ვაქცინაციის შესაძლებლობა აქვთ სამედიცინო მუშაკებსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 5 700-ზე მეტი ადამიანია აცრილი.


close დახურვა